მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამინისტრომ თავისი პოზიცია დააფიქსირა

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამინისტრომ თავისი პოზიცია დააფიქსირა

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაასრულა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე წარმოებული პროცედურა.
 
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა,,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში თავშესაფრის მიღების თხოვნით მომართა ლტოლვილთა სამინისტროს. 
 
სამინისტროს მიერ ბატონ ჩაბუქთან მიმართებით განხორციელდასაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურა, კერძოდ, მას ჩაუტარდა გასაუბრება, სრულად იქნა შესწავლილი როგორც ბატონი ჩაბუქის და მისი ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, ასევე სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ, თურქეთის მხარის მიერ მოწოდებული საექსტრადიციო მასალები.
 
ყველა დოკუმენტისა და  ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონი ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.სამინისტრო, ბატონი ემრე ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის პრინციპის გათვალისწინებით, არ ასაჯაროებს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსსა და არგუმენტაციას.
 
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:
 
1) ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას რასის,რელიგიის,  ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო დევნის საფუძვლით. 
 
2) ბატონი ემრე ჩაბუქის განაცხადის შეფასებისას გაანალიზდა, თუ რამდენად ჰქონდა უწინ და ამჟამად რამდენად ემუქრება ბატონ ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასევე გათვალისწინებულ იქნა 2016 წელს თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები. 
 
3) ამასთან ერთად, გათვალისწინებული იქნა ბატონ ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიმდინარე საექსტრადაციო პროცედურა და სამინისტრომ მხედველობაში მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ქართული მხარისათვის კონკრეტულად ბატონი ჩაბუქის მიმართ  წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიებიც. 
 
4) სამინისტრომ, ბატონი ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა თურქეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის უახლესი ანგარიში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დიპლომატიურ გარანტიებთან დაკავშირებით; ისევე როგორც თურქეთის რესპუბლიკის ციხეებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის ფუნქციით ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ეროვნული ინსტიტუტების შექმნისა და ფუნქციონირების ფაქტი.
 
5) ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის ანგარიშები.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულის გაანალიზების შედეგად, სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ბატონი ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით.
 
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბატონ ჩაბუქს აქვს სამინისტროს გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების უფლება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.სასამართლო განხილვის ვადაში მას საქართველოს კანონმდებლობით უნარჩუნდება თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი.
 
ამასთან, ლტოლვილთა სამინისტროს მიერ თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმა არ იწვევს პირის ექსტრადიციას წარმოშობის ქვეყანაში. აღნიშნული ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესია და თავშესაფრის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს ბატონ ჩაბუქთან დაკავშირებით მიმდინარე საექსტრადაციო პროცედურა, რომელთან დაკავშირებითაც ცალკე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ორგანო და სასამართლო.
 
ეს არის ის ინფორმაცია, რომლის მოწოდებაც ამჟამად შემიძლია კონფიდენციალურობის პრინციპისა და ბატონი ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე. დამატებითი კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდება მიზანშეწონილობის მიხედვით.