საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საინფორმაციო სააგენტო "როიტერი"აშუქებს. სააგენტოს ცნობით, თბილისის გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. "როიტერის" მიხედვით, ორმა ქართულმა ტელევიზიამ მაესტრომ და მე-9 არხმა პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ პატიმრების ცემის, წამების, შეურაცხყოფისა და გაუპატიურების კადრები გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, დემონსტრანტები შინაგან საქმეთა და პრობაციის მინისტრების თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ. სააგენტოს ცნობით, გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გუშინ, კომენტარი გააკეთა პრობაციის მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ. მისი განცხადებით, ვიდეო "პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანების" მიერ მოსყიდულმა პოლიციის ოფიცრებმა გადაიღეს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოკადრები დაგმო და განაცხადა, რომ პატიმართა უფლებები უკეთ იქნება დაცული.