კულტურის დარგის მენეჯერის თიკა რუხაძის განცხადებით, თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვისას "აუდიტორია 115"-ის წევრებმა საკუთარი აზრი განსაზღვრულ ფორმაში ვერ დააფიქსირეს.
ამის შესახებ რუხაძემ "პირველთან" განაცხადა.
კულტურის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქ მყოფი მონაწილეები დაზარალდნენ, რადგან საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.
"მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან საერთო სახალხო განხილვის ფორმატში ჩაატარა განხილვა. როგორც ვნახეთ, საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეეძლო თავისი პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ ის ფორმა რაც მე თბილისში დავინახე აბსოლუტურად მიუღებელი შინაარსის მატარებელია. თავისთავად ჩნედება კითხვა, რამდენად ვართ შემდგარი საზოგადოება ამას ხომ მსოფლიო უყურებს? ძალიან ცუდი ემოცია დამიტოვა ამ ყველაფერმა და დაახლოებით 90-იანი წლები გამახსენა. რა თქმა უნდა, ამ ახალგაზდებსაც აქვთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ყველაფერს ფორმა გააჩნია", - განაცხადა რუხაძემ.
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა 15 მაისს ჩაიშალა. სხდომის გადადების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიიღო.
ახალი კონსტიტუციის განხილვისას "აუდიტორია 115" წევრებმა ირაკლი კობახიძეს შეხვედრის დაწყების საშუალება არ მისცეს. მათივე განცხადებით, პროტესტის მიზეზი ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების საკითხებისადმი ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებაა. ირაკლი კობახიძემ "აუდიტორია 115" წევრებს ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა.
"ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის, დაადექით ილიას გზას, სწავლის გზას", – მიმართა კობახიძემ მათ.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვა საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ქუთაისსა და ბათუმში უკვე გაიმართა.