"კონსტიტუცია რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას უნდოდა თავისთვის, უბრუნდება ხალხს - ეს იქნება ხალხის კონსტიტუცია"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის აზრით, პოლიტიკური ოპოზიციის სურვილია, პარლამენტი იყოს დაქსაქსული, ხოლო ქვეყანა დასუსტებული, მმართველობითი თვალსაზრისით.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას, ასე შეაფასა თალაკვაძემ ის კრიტიკული პოზიცია, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გააჩნია.

”ჩვენს ოპონენტებს სურს, მხარი დავუჭიროთ არჩევნების ისეთ სისტემას, რომლის მიხედვით, პარლამენტში შევლენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღებას ვერ მოახერხებენ. მათ უნდა შექმნან კრიზისი, მათ უნდათ ეს დაიწყონ პარლამენტიდან და სწორედ ამიტომ აწვებიან მთელი ძალით მოდელს, რომლის მიხედვით, ვერც ერთი ძალა ხელისუფლების განხორციელებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მათ სურთ, პარლამენტი იყოს დაქსაქსული. მათ სურთ, საქართველო იყოს დასუსტებულიმმართველობითი თვალსაზრისით და ამ კრიზისებში დაიჭირონ თევზები, რომელსაც წარსულში იჭერდნენ, მაგრამ ეს თევზები ეკუთვნის ხალხს და ამ თევზების დამჭერები პასუხს უნდა აგებდნენ”, - განაცხადა თალაკვაძემ.

მან აქვე ”ევროპული საქართველოს” წევრებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ”მუსოლინი არის ის, ვისთანაც ასოცირდება ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ღირსების ფეხქვეშ გათელვა, სიკვდილი, უსამართლობა და ყველაფერზე მონოპოლია”.