თეთრიწყაროში სოფლის მეურნეობის ახალი პროექტი ოფიციალურად გაიხსნა

თეთრიწყაროში სოფლის მეურნეობის ახალი პროექტი ოფიციალურად გაიხსნა

11 აპრილს, ევროკავშირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტი  „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“  ოფიციალურად წარადგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წევრები,  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მათ შორის როგორც კერძო, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თეთრიწყაროს მოსახლეობა, რომლებიც პროექტის პოტენციურ ბენეფიციარებად მოიაზრებიან.  

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ,  ასევე,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სექტორის ხელმძღვანელმა კაიდო სირელმა, RDFG-ს თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილემ ნუგზარ სალიამ.

პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG). პროექტი ოთხწლიანია და ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობები,   თემის განვითარების პროცესში ჩართულნი იქნებიან ახალგაზრდები, რომელთაც მიეცემათ კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების შესაძლებლობა.  RDFG -ს პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA) და ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT).