5 აპრილს, 10.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ქართული ენათმეცნიერების ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი ახვლედიანის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება კონფერენცია. კონფერენციაზე ქართველი მეცნიერები წარმოადგენენ მოხსენებებს, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „გიორგი ახვლედიანი.“
თსუ ბიბლიოთეკასა და მუზეუმში გაიმართება გიორგი ახვლედიანის ნაშრომების, ფოტო და საარქივო მასალების გამოფენა.
საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.