ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება

ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება

ქალაქ ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება.  აღნიშნული ცენტრი ერთდროულად 40 ადამიანის მოემსახურება. ა(ა)იპ „ერთად რეალური ცხოვრებისათვის“ ბულგარეთის მთავრობასთან თანამშრომლობით მზად არიან განახორციელონ პროექტი „თემისა და ინკლუზიური განათლების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის“. დღის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 64 შშმ ბავშვს და მათ ოჯახებს დაეხმარება სოციალურ რეაბილიტაციასა და  საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესში.

დღის ცენტრის აღჭურვისა და პერსონალის გადამზადებისათვის სულ მცირე 50 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 
სერვისების შექმნაში ორგანიზაციას მხარდაჭერას უცხადებენ დონორი ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდის და ბულგარეთის მთავრობა.

ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ  მუნიციპალიტეტებთან სოციალური სერვისების შექმნის საკითხებში. ისინი არაერთი წელია მუშაობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების/ბავშვების მშობლებთან. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“  20 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა ქ. ბორჯომში, დ. აღმაშენებლის ქ. №31-ში, პირველ სართულზე მდებარე 567.09 კვ.მ. ფართი.