თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 9 აპრილის ქუჩის 1.2 კმ სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, მოეწყო 2 ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრეები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და ეზოში შესასვლელები, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს შვაბების ქუჩის 1.1 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები: ქუჩაზე მოეწყობა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემა, სანიაღვრეები, ტროტუარი, გარე განათება, მოხდება მესერების და შესასვლელი ჭიშკრების მონტაჟი, ამასთანავე, მიმდინარეობს ასურეთში მდებარე XIX საუკუნის გერმანულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის და გერმანელთა სასაფლაოს აღდგენისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან მეფის რუსეთის მიერ, საქართველოში გერმანელი კოლონისტების გადმოსახლება დაიწყო. ჩამოსახლებული გერმანელი შვაბების დიდი ნაწილი თბილისის შემოგარენში დასახლდა და 1819 წელს ასე შეიქმნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გერმანული დასახლება - სოფელი „ელიზაბეტტალი“ (დღევანდელი ასურეთი).
მე-19 საუკუნის დასასრულისათვის ელიზაბეტტალი კარგად განვითარებული და სამეურნეო თვალსაზრისით სანიმუშო სოფელი იყო, გერმანელები მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწადმოქმედებას და ხელოსნობას. თბილისთან ახლოს მდებარე სოფელი საუკეთესო ხარისხის რძის პროდუქტებით ამარაგებდა დედაქალაქის მოსახლეობას. სოფელში გახსნილი იყო რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდებოდა არაჟნის, კარაქის და ხაჭოს დამზადება. განსაკუთრებით განვითარებული იყო სოფლის მეურნეობის დარგები: მევენახეობა, მემარცვლეობა და მეკარტოფილეობა, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა თბილისში. გერმანელმა კოლონისტებმა ასურეთში შექმნეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებანი, რომლებიც დიდ როლს ასრულებდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, დღემდე შემორჩენილია მათი ყოფის უნიკალური მატერიალური ძეგლები: საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, უნიკალური ღვინის მარანი, გოთური სტილით ნაგები ლუთერანული ტაძარი და ძველი გერმანული არქიტექტურული სტილით ნაშენები საცხოვრებელი სახლები.
აღსანიშნავია ცნობილი „შალლა“, რომელიც გერმანელმა ოტო შალლმა, ვაზის ძველი ტრადიციული ჯიშების სელექციით გამოიყვანა. ვაზის ახალ ჯიშს მოგვიანებით მის საპატივსაცემოდ, „შალლა“ (ასურეთული შავი) უწოდეს. ასურეთში წარმოებული ღვინის რეალიზაციისათვის სპეციალური მაღაზიები იყო გახსნილი როგორც თბილისში, ასევე ბაქოსა და ერევანში. ვენახები გაშენებული იყო სოფლიდან 7 კილომეტრში მდინარე ალგეთის ნაპირებზე, რაც განაპირობებდა მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას. გერმანელებმა შუაგულ ვენახში ააშენეს უნიკალური სამსართულიანი ნაგებობა - ღვინის მარანი, სადაც დაახლოებით 5 000 ტონამდე ღვინოს აყენებდნენ. მნიშვნელოვანია, რომ „შალლას“ გაჩნია დიდი პოტენციალი დაიმკვიდროს ადგილი არამარტო ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
ასურეთის განვითარების პოტენციალის გათვალისწინებით, 2015 წელს თეთრიწყაროს გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით, მომზადდა ყოფილი გერმანული სოფლის - ასურეთის (ელიზაბეტტალი) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ასურეთში გერმანული მემკვიდრეობის სრულყოფილ რეაბილიტაციას არქიტექტურულ-სტილისტური მეთოდოლოგიის და ავთენტურობის შენარჩუნებით და სოფლისთვის ძველი იერსახის დაბრუნებას. პროექტის მხარე მიმზიდველი გახდეს ტურისტებისათვის და განვითარდეს ტურიზმის სექტორი, ეკონომიკის ტრადიციული დარგები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება (რძის პროდუქტების და სასოფლო-სამეურნეო კულტურების). პროექტის შემუშავება მოხდა გერმანულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. გერმანულმა მხარემ დიდი დაინტერესება და მხარდაჭერა გამოხატა სოფელ ასურეთის განვითარების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და 2015-2016 წელს საქმიანი ვიზიტით გერმანიიდან სოფელ ასურეთს არაერთი მაღალი რანგის სტუმარი ეწვია: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში ბ-ნი კრისტოფერ ფრონცეკი, ასურეთში არაერთი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი კარინ შტრენცი. სოფელ ასურეთის ისტორიული მემკვიდრეობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სტუმრად იმყოფებოდა, გერმანიის რესტავრატორთა კავშირის პრეზიდენტი-ბენდ იეგერი, ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე იოჰანს კარსი, ბუნდესტაგის წევრები: კატრინ კუნერი, ტაბეა როსნერი, ბუნდესტაგის წარმომადგენელი კრისტოფ ბერგნერი, მეგობრობის ჯგუფის წევრი ტანკრედ შიპანსკი და სხვები.
აღსანიშნავია, რომ ასურეთის განვითარების პროექტი განხილული და მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს და ევროპის საბჭოს მიერ. აღნიშნულმა ორგანიზაციამ თეთრიწყაროს მუნიციალიტეტს უსასყიდლოდ, 80 ერთეული ორენოვანი (გერმანულ-ქართული) საგზაო მანიშნებელი გადაეცა, რომლის დამონტაჟება მოხდება სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩაზე.
ასურეთის ისტორიული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია მიზნად ისახავს თეთრიწყაროს პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ასურეთის ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ადვილად მისადგომობა, სიახლოვე დედაქალაქთან იძლევა იმის პირობას, რომ აქ განვითარდეს ბიზნესსექტორი და ტურიზმის ისეთი სახეობები, როგორიცაა, აგროტურიზმი, სანახაობრივი ტურიზმი, ველოტურიზმი და სხვა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების დაინტერესებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და წარმოებული პროდუქციის რეალიზებას მეზობელ მუნიციპალიტეტებში და ქალაქებში. ასურეთი იქცევა რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ცენტრად, რაც საშუალებას მოგვცემს დაიგეგმოს სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი, სპორტული ღონისძიებები, მოეწყოს ყველის, ღვინის და ლუდის ფესტივალები. პროექტის განხორციელება საბოლოო ჯამში განაპირობებს თეთრიწყაროს და ზოგადად მთელი რეგიონის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას.