23 მარტს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციასთან ერთად გამოიფინება 1629 წელს რომში გამოცემული პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - ქართული ანბანი ლოცვებითურთ; ასევე რომში, 1679 წელს გამოცემული ქართული ენის გრამატიკა; 1705 წელს მოსკოვში დასტამბული დავითნი; 1709 წელს ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი სახარება და სხვა უნიკალური ექსპონატი.
თსუ პირველ კორპუსში (მუზეუმი, II სართული) გაიხსნება გამოფენა ,,ავტოკეფალია 100“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული საეკლესიო უნიკალური გამოცემები და ხელნაწერები. ექსპონატები ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, მაღალმხატვრული პოლიგრაფიული და კალიგრაფიული ღირსებით გამოირჩევიან. მათ შორის, ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის პირადი წიგნების კოლექციის ნაწილი. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაიხსენოს ქართული წიგნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები და პოლიგრაფიული ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ექსპოზიციაზე, აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში მონაწილე იმ სასულიერო პირების ფოტოები (კირიონ II, ლეონიდეს, კალისტრატე ცინცაძის, ამბროსი ხელაიას და ილია II) და მათი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა დროს საქართველოს პატრიარქები გახდნენ. დამთვალიერებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ის უნიკალური საარქივო ხელნაწერები, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ 100 წლის წინ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით განვითარებულ რთულ პროცესს.
10.30 საათზე გაიხსნება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (107-ე აუდიტორია). კონფერენციაში მონაწილე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, საპატრიარქოს წარმომადგენლები წაიკითხავენ მოხსენებებს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საეკლესიო და ისტორიულ რეალიებზე; ამ საკითხთან დაკავშირებულ საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებზე. სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.