პარლამენტი ხვალ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს

პარლამენტი ხვალ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს

პარლამენტი ხვალ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს. 18 კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო პაკეტს თავდაპირველად თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. ამის შემდეგ განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება. საკითხი ხვალვე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.

მთავარი სიახლე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა. სატელეფონო კომუნიკაციის, კავშირგაბმულობის და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ფარული მოქმედებების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება. კანონპროექტით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეკისრება: - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება;

კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარულ აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტო გადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

პროექტის თანახმად, სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და პრემიერს ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს, თუმცა პროექტის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშის პრემიერ-მინისტრთან წარდგენამდე, სააგენტოს უფროსი დოკუმენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს.

პროექტით, სააგენტოს უფროსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. სააგენტოს უფროსის კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა. სააგენტოს უფროსობის კანდიდატებს (არანაკლებ სამს) სუს-ის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.