სოზარ სუბარი და სებასტიან კურცი შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

სოზარ სუბარი და სებასტიან კურცი შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე,  ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური   მინისტრი სებასტიან კურცი შავშვების ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

სებასტიან კურცი შავშვების ჩასახლებაში, ავსტრიული მხარის მიერ დაფინანსებული, „ნაღმით დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის პროექტის“ მონაწილე დევნილსაც ესტუმრა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  სებასტიან კურცი არის  გავლენიანი ფიგურა ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

„ძალიან მნიშვნელოვანია  ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და  ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში.  მნიშვნელოვანია,  რომ თავისი თვალით ნახა მავთულხლართები.   სებასტიან კურცი ამ ჩასახლებაში შეხვდა ნაღმით დაზარალებულ ადამიანებს,  რომლებსაც დაეხმარა ავსტრიის რესპუბლიკა. ამ ადამიანებს  გაეწიათ არა მხოლოდ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, არამედ მოხდა მათი პროფესიული გადამზადება და მცირე ბიზნესის დაფინანსება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.