27 იანვარს, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ დოკუმენტის საფუძველზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებით მხარეები უზრუნველყოფენ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებულობას და აღნიშნული სტრუქტურების შესახებ ცნობადობის გაზრდას.
ღონისძიებაზე საინფორმაციო ცენტრის ბენეფიციარმა ახალგაზრდებმა, აგვისტოს ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა შვილებმა ტექნოპარკი დაათვალიერეს. ისინი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მაღალტექნოლოგიური დაზგა-დანადგარების მუშაობას გაეცნენ და ინფორმაცია მიიღეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მომავალში შესაძლოა საკუთარი სტარტაპების ჩამოყალიბებასა და განვითარებისთვის გამოადგეთ. ინოვაციების სააგენტოს, საინფორმაციო ცენტრისა და კომპანია „ტაქსიფაი“-ს დახმარებით, ასევე იგეგმება აღნიშნული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტრენინგები და კონსულტაციები.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანია საქართველოს მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში. ამ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საინფორმაციო ცენტრი ჩაატარებს არაერთ ღონისძიებას, მათ შორის სემინარებს, გამოფენებსა და კონფერენციებს, რომელთა წარმატებით განხორციელებაში მათ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დაეხმარება.
მნიშვნელოვანია, მოსახლეობა უკეთ გაეცნოს აღნიშნულ საკითხებს, რათა გაცნობიერებულად დაუჭირონ მხარი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
აღსანიშნავია, რომ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრი ერთვება ასევე ინოვაციების სააგენტოს პროექტში - „სტარტაპ მეგობრული“, რომლის ფარგლებშიც ის შესთავაზებს სტარტაპებს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა სივრცის დათმობა და საკონსულტაციო მომსახურება.