დევნილთა მინისტრის მოადგილეები თბილისის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილებთან  შეხვედრებს მართავენ

დევნილთა მინისტრის მოადგილეები თბილისის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილებთან შეხვედრებს მართავენ

დევნილთა და განსახლების სამინისტრო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინას გადასცემს. 200 ბინა თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“ მდებარეობს, 200 კი დადიანის ქუჩაზე, მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსში.

დღეს, დევნილთა  და განსახლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებიც თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინების მფლობელები გახდებიან.

თბილისში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 11 016-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც   400 დევნილი ოჯახი შეირჩა.

ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში 12 ნგრევადი ობიექტი (117 ოჯახი) დაიხურა და იქ მცხოვრები ოჯახები ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.

დევნილთა და განსახლების მინისტრის ოთხივე მოადგილე და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის  წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ დევნილებს, რომლებმაც ამ ეტაპზე ბინები ვერ მიიღეს.

სამინისტროში დევნილების მიღების პროცესი კვირის ბოლომდე გაგრძელდება, სანამ ყველა დაინტერესებული დევნილის შეკითხვას  ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. პროცესი ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.