პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კილომეტრამდე წყალმიმყვანი მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი. დღეისათვის, უკვე გაყვანილია ჯამში 20 კმ სხვადასხვა დიამეტრის მილი. პროექტის დასრულების შემდეგ სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება წეროვანის დასახლების 2 000-ზე მეტი ოჯახის 80 ჰექტარი საკარმიდამო ნაკვეთი. პროექტის ღირებულებაა 2 080 900 ლარი.
წეროვანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით ჯალაბაძე და შპს „საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი ლევან დვალი.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი ფართობი რეგიონში 9 600 ჰექტრამდე გაიზარდა.