დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის დოკუმენტის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება, რომელიც სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ და პროგრამის მენეჯერმა მაკა მეშველიანმა გახსნეს და შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნული დოკუმენტი პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.
პრეზენტაციის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკას, მის მიზნებსა და ამოცანებს, ასევე პრინციპებსა და განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს, რომლის მიზანსაც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილება წარმოადგენს.
საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და როგორც განსახილველი დოკუმენტის, ასევე საკრებულოში ჩატარებული გენდერული აუდიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანვე პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და მომავალი თანამშრომლობისთვის საკრებულოს მხრიდან მზადყოფნა გამოთქვა.
გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, 2015 წელს თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში გენდერული აუდიტი ჩატარდა, რომელის საფუძველზეც სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა განხორციელდა.
შეხვედრაში, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებმა-ნუგზარ მალაღურაძემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, თამარ ტალიაშვილმა, ლია ჯახველაძემ, ქეთევან ჯოხაძემ, ასევე საკრებულოს წევრმა ია მაკასარაშვილმა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს.
დეპუტატებმა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები, სტრატეგიის განხორციელების მექანიზმები და მონიტორინგი, ასევე სტრატეგიის სამოქმედო გეგმა და სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, მოწვეულ სტუმრებს საკუთარი რეკომენდაციები და წინადადებები გააცნეს.
შეხვედრის დასასრულს, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNPD), ასევე შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში მოეწყო, სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და მომდევნო შეხვრედრის ფორმატიც განსაზღვრეს, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.