IDFI –ის კვლევასთან დაკავშირებით საკრებულო განცხადებას ავრცელებს

IDFI –ის კვლევასთან დაკავშირებით საკრებულო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საკრებულო, ბოლო წლების განმავლობაში, ყოველთვის მზადაა  არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის და მისი მუშაობა ღია და გამჭვირვალეა.

 არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI საკრებულოს ხარჯების შესახებ  ინფორმაციის გაცემის თხოვნით 2016 წლის 21 ივლისს მოგვმართა,   რაც   მას დადგენილი ვადების დაცვით მიეწოდა.

ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა ჩვენს მიერ გაცემული ინფორმაციის, ფრაგმენტულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაშუქება.

ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები რამდენიმე მიმართულებით შემცირდა კიდეც. ხოლო იქ სადაც ხარჯები გაზრდილია, აბსოლუტურად დასაბუთებელია საჭიროებები და მითითებულია ის ობიეტური მიზეზები, რამაც ეს განაპირობა.

ჩვენს მიერ IDFI-თვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნათლად ჩანს, რომ 2011 წელთან შედარებით  სატელეფონო ხარჯები შემცირებულია  52 %,  საწვავის შეძენის  ხარჯი  -  -23,78 %, ხოლო ავტომობილის შეძენის ხარჯი  - 100 %. -ით

რაც შეეხება შტატგარეშე და შტატიანი თანამშრომლების რაოდენობას.  ჩვენს მიერ ორგანიზაციისთვის  მიწოდებულ ინფორმაციაში ასევე ნათლად იყო განმარტებული თუ რატომ არის გაზრდილი თანამშრომლების რაოდენობა. განვმარტავთ კიდევ ერთხელ:

შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის ზრდა გამოიწვია შემდგომმა გარემოებებმა.

1.  2011-2012 წლებში არ არსებობდა მაჟორიტარი წევრის ბიუროები,  ამჯერად თბილისის მასშტაბით  25 მაჟორიტარი წევრის ბიურო ფუნქციონირებს, სადაც საკრებულოს წევრები მოსახლეობას ყოველკვირეულ რეჟიმში ხვდებიან. სამაჟორიტარო ბიუროებს აქვთ  თავიანთი ბიუჯეტი, მათ შორის ლიმიტირებული სახელფასო ფონდით, რომლის ფარგლებშიც ხდება საჭირო რაოდენობის შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის განსაზღვრა. 

2.  ასევე შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა დამოკიდებულია ფრაქციებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე, რომელსაც ფრაქცია თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს.

რაც შეეხება შტატიან თანამშრომლებს,  ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის შესაბამისად გაიზარდა საკრებულოს როლი ადგილობრივ თვითმართველობაში, საკრებულო ფუნქციურად მეტად დაიტვირთა, მაგალითისთვის თუ 2011 წელს წლის განმავლობაში ჩატარებული იყო საკრებულოს მხოლოდ 12 სხდომა, მიღებულ იქნა 69 განკარგულება და 82 დადგენილება,  2015 წელს საკრებულოს ჩატარებული სხდომების რაოდენობამ 33 შეადგინა, მიღებულ იქნა 498 განკარგულება და 142 დადგენილება.

 ასევე წლების განმავლობაში მიწის ლეგალიზაციის კომისია თბილისის მერიაში ფუნქციონირებდა, ხოლო ეს კომისია 2013 წელს  გადმოეცა თბილისის საკრებულოს, რა თქმა უნდა, ეს ხარჯი მოაკლდა თბილისის მერიას და თბილისის საკრებულოს ხარჯებში აისახა.

 ბუნებრივია ამ მასშტაბის სამუშაოების შესრულება მოითხოვს ბევრად მეტ  ადამიანურ რესურსს ვიდრე ეს იყო საჭირო 2011 წელს.

ამდენად, მხოლოდ მექანიკურად  ციფრების დათვლა აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებულია.  ჩვენთვის მთავარია პროფესიონალურად ვაკეთოთ საქმე და ღირსეულად მოვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და თბილისელებს .