სოზარ სუბარი: „ამ ადამიანებმა თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ  მთლიანობას“

სოზარ სუბარი: „ამ ადამიანებმა თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას“

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული  მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

სამგლოვიარო ცერემონიას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი  ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე 60 მეომრის ნეშტია იდენტიფიცირებული და ეს პროცესი გრძელდება.

„ამ ადამიანებმა თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ  მთლიანობას. 12 მათგანი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო 5  მშობლებმა გადაასვენეს. იდენტიფიცირებულ მეომართა რიცხვი ამ დროისთვის 60-მდე ავიდა და კიდევ 100-ზე მეტი არის ექსჰუმირებული და მიმდინარეობს იდენტიფიცირება.  პროცესი გრძელდება, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა წითელ ჯვარს და მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომელიც დიდი გულისტკივილით ეკიდება ჩვენს ტკივილს“, - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა.

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა,   დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამების საკათედრო ტაძარში  პატივი მიაგეს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის.

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.  სამარხები გაიხსნა სოფელ გუმისთაში, სოფელ კოჩარაში, სოფელ ვარჩეში,  ოდიშსა და კუკიის სასაფლაოზე. სამარხების გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა.  ამ დრომდე,   ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად,  უკვე იდენტიფიცირებული იყო 43 მებრძოლის ნეშტი.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება.