საქართველოს მეფუტკრეთა კავშირი  50 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს მეფუტკრეთა კავშირი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა.  მან საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის  წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში  საქართველოში მეფუტკრეობის დარგის შენარჩუნება.  დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი მეფუტკრეობის განვითარება და თაფლის წარმოების ხელშეწყობაა. აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.  მათ შორის არის მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის  აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამეცნიერო მიმართულებით დარგის განვითარებას. თაფლის წარმოების ზრდისა და მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობისთვის ასევე მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში კოოპერატივებს თანამედროვე სკები, თაფლის საწური და თაფლის შესანახი ავზები გადაეცათ. პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეები ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ, ასევე შეძლებენ წარმოებული პროდუქციის ერთი ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის უფასოდ ჩატარებას.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალზეც ისაუბრა და მისი ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება. როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რასაც ევროკავშირის რეგულაციები თაფლთან მიმართებაში ითვალისწინებდა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მოხდება საქართველოს ჩასმა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ნებადართულია ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტი.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარემ, რამაზ თავართქილაძემ ვრცლად ისაუბრა მეფუტკრეთა კავშირის 50 წლიანი საქმიანობის,  მეფუტკრეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის, არსებული მიღწევებისა  და გამოწვევების შესახებ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ  დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს მათი უწყებების მიერ მეფუტკრეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე პროექტები.

ღონისძიების დასასრულს, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, წარმატებული მეფუტკრეები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა.  ღონისძიების ბოლოს  მეფუტკრეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

საიუბილეო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და გოჩა ცოფურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების  და საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.