თიბისი ბანკი  „ბანკი რესპუბლიკის“  აქციებს ყიდულობს;  ამ გარიგებით თიბისი ბანკი ბაზარზე #1 ბანკი ხდება დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით

თიბისი ბანკი „ბანკი რესპუბლიკის“ აქციებს ყიდულობს; ამ გარიგებით თიბისი ბანკი ბაზარზე #1 ბანკი ხდება დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით

თიბისი ჯგუფმა  და ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თიბისი ბანკი „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.64 %-ს  315 მილიონ ლარად შეიძენს. ეს ტრანზაქცია უდიდესი იქნება ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე. „ბანკი რესპუბლიკის“  შეძენა  სრულად შეესაბამება თიბისი ბანკის სტრატეგიას და იძლევა უდიდეს შესაძლებლობას მნიშვნელოვანი სინერგიისთვის, ვინაიდან „ბანკი რესპუბლიკა“ არის მყარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიდერი ბანკების ხუთეულში შედის.

თიბისი ბანკი „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.7 %-ს („სოსიეტე ჟენერალის“ 100 %-იანი წილი) 315 მილიონ ლარად გამოისყიდის. ამ თანხის 70 % გადახდილი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 30 % თიბისი ბანკის ახლადგამოშვებული აქციებით. შედეგად, ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ხდება თიბისი ბანკის აქციების 5.4% - ის მფლობელი, შესაბამისად, ის თიბისი ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იქნება. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

რაც შეეხება „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების დარჩენილ 6.36%-ს, რომელიც „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ ეკუთვნის, თიბისის უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ამ აქციების გამოსყიდვაზე.

შერწყმის შედეგად:

•        თიბისი ბანკი ხდება #1 ბანკი საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით.  თიბისი ბანკის ბაზრის წილი  მთლიან სესხებში იზრდება  7.3% -ით და აღწევს 35.7 %-ს, ხოლო დეპოზიტებში იზრდება  5.3 %-ით და შეადგენს 34.5 %-ს;

•        თიბისი ბანკის პოზიციები ყველა საოპერაციო სეგმენტში ძლიერდება, განსაკუთრებით კი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით;

•        კლიენტების რაოდენობა მიუახლოვდება 2 მილიონს;

•        კიდევ უფრო გაფართოვდება თიბისი ბანკის მომსახურების ქსელი; მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზრდება 170-მდე, ხოლო  ბანკომატების - 517-მდე;

•        თიბისი ბანკი ძლიერდება მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც საბანკო საქმიანობაში დიდი გამოცდილება და მომხმარებელთან ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკა აქვთ;

ტრანზაქციის დასრულება დაგეგმილია 2016 წლის ბოლომდე. ამ გარიგებაში თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველია J.P.Morgan, ხოლო Baker and Mckenzie LLP-საერთაშორისო მრჩეველი იურიდიულ საკითხებში. 

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ ყიდვის გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია თიბისი ბანკის გრძელვადიან სტრატეგიასთან და წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს  ჩვენი მიზნების შესასრულებლად, რომ გავხდეთ ლიდერი ბანკი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.

თიბისი ბანკის მენეჯმენტის გუნდს აქვს უნიკალური გამოცდილება ამ ტიპის ინტეგრაციებში და გვაქვს სათანადო რესურსი, რომ ამ ორი ბიზნესის შერწყმით მომხმარებლებს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ.

ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს გუნდში „ბანკი რესპუბლიკის“ თანამშრომლებს, რომლებიც დაგვეხმარებიან წარმატებულად გავაგრძელოთ საბანკო საქმიანობა და შევთავაზოთ კლიენეტებს საუკეთესო მომსახურება, ახლა უკვე როგორც ყველაზე დიდმა ბანკმა საქართველოში. ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს და მოხარული ვართ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ერთად გავიზარდოთ და განვვითარდეთ,“ – აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

 „თიბისი ბანკისა და „ბანკი რესპუბლიკის“ კონსოლიდაციას მყარი ინდუსტრიული ლოგიკა აქვს და საქართველოს საბანკო სექტორს მოუტანს მნიშვნელოვან სარგებელს ლიდერობისა და მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მოხარული ვართ, რომ ჩვენი აქციები გადავეცით ისეთ მოტივირებულ პროფესიონალთა გუნდს, როგორიც არის თიბისი ბანკის მენეჯმენტი. გვჯერა, რომ საუკეთესო პარტნიორი შევარჩიეთ ჩვენი შვილობილისთვის საქართველოში.

ჩვენ მოუთმენლად ველით ტრანზაქციის წარმატებით დასრულებას და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, რომ გარდამავალი პერიოდი უმტკივნეულოდ წარიმართოს.

„ბანკი რესპუბლიკის“ გაყიდვის შემდეგ, „სოსიეტე ჟენერალის“ შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი რჩება ძლიერ, კარგად  მართულ, კარგად რეგულირებად და გამჭირვალე სფეროდ. მიმდინარე ინტერესით თიბისი ბანკში, ჯგუფი ხაზს უსვამს ქართული საბანკო სფეროსადმი დაინტერესებას. გარიგების შედეგად იქმნება უფრო მსხვილი ბანკი ძალიან მიმზიდველ ქართულ საბანკო ბაზარზე, რაც „სოსიეტე ჟენერალის“ ფართო  სტრატეგიაში  ჯდება - კონცენტრაცია მოვახდინოთ ძირითად ბიზნესსა და გეოგრაფიაზე,“  - აცხადებს „ბანკი რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორი ანტუან გაბიზონი.

ამასთანავე, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ შეიძენს სს „პროგრესბანკის“ აქტივების (საბაზრო ღირებულება 108 მილიონი ლარი) და  დეპოზიტების (საბაზრო ღირებულებაა 108 მილიონი ლარი) შერჩეულ ნაწილს. თიბისი ბანკისთვის ეს ტრანზაქცია წარმოადგენს საერთო აქტივების მხოლოდ 1.6 %-ს.