GWP  ვარაზის ხევში სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2 დღეში დაასრულებს

GWP ვარაზის ხევში სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2 დღეში დაასრულებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ვარაზის ხევში, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტს ასრულებს. სამუშაოები 2 დღეში დასრულდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია  300 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის ახალი საფარი მოეწყობა და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.

პროექტი დედაქალაქის ურბანული განვითარების  ხელშეწყობას ემსახურება. ვაკის რაიონში განაშენიანების მატების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია წყალარინების სისტემის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, მასშტაბური სამუშაოები შეასრულა - ვარაზის ხევში, ახლით შეიცვალა წყალარინების 105 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, მოეწყო წყალარინების მიმღები ახალი კამერა და ჭა; კეკელიძის ქუჩაზე, წყალარინების მაგისტრალური ქსელის 100 მეტრზე მეტი სიგრძის  მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ამავე პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ბარნოვის ქუჩაზე, სადაც წყალსადენისა და წყალარინების  ქსელის 200 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საჯაიას ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც  ახლით შეიცვალა წყალარინების მაგისტრალური ქსელის 650 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი. აღნიშნული ქსელი უზრუნველყოფს მოსახლეობის და ისეთი მსხვილი აბონენტების მომსახურებას, როგორიც არის სასტუმრო „ჰილტონი“ და „აქსისი“.

კონკრეტულად ამ ქუჩებზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაციისთვის  კომპანიამ  622 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა"  2016 წლის დასაწყისიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის უკვე 87 ქუჩაზე განახორციელა -  წყალსადენის და წყალარინების 62 000 მეტრი სიგრძის ქსელი ახლით შეიცვალა. წლის ბოლომდე, კომპანია რეაბილიტაციას თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელს შეცვლის.