ჩინეთის ქალაქ სიანში  საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ქართული ღვინის ტრადიციებსა და კულტურას სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა

ჩინეთის ქალაქ სიანში საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ქართული ღვინის ტრადიციებსა და კულტურას სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით აბრეშუმის გზის ბიზნესსამიტი 2016 -ის და აბრეშუმის გზის  სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას (Historical Cheers - Display of Chinese Tea Culture and Georgian Wine Culture) დაესწრო, რომელიც ქართული ღვინისა და ჩინური ჩაის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას  ისახავდა მიზნად. საზეიმო მიღებას სამიტისა და კონფერენციის  მონაწილეები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა  ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხაზგაზმით აღნიშნა ბოლო წლებში უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თუ თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ბოლო წლებში ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ჩინეთსა და საქართველოს შორის  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.  თავის გამოსვლაში ლევან დავითაშვილმა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ბოლო წლებში სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანასთან მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის  ვიდეომიმართვამ,  რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით  აბრეშუმის გზის სამიტის მნიშვნელობას შეეხებოდა.

აბრეშუმის გზის  კომერციული პალატის დამფუძნებელმა თავმჯდომარემ, ლუ ძიენჟონგმა (Lu Jianzhong)  აბრეშუმის გზის კომერციული პალატის მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი საქართველოს პრემიერს.

,,მინდა დიდი მადლობა მინდა გადავუხდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც საგანგებოდ   სამიტის სტუმრებისთვის  საქართველოდან  ვიდეომიმართვა გამოგვიგზავნა. ჩვენ აპრილის თვეში ვიყავით საქართველოში შევხვდით პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს,  მინისტრთა კაბინეტს. მოვაწყვეთ პრეზენტაცია და მხარდაჭერაც მივიღეთ. 2016 წლის  სამიტზე საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება. წელს, ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის კუთხე არის ერთადერთი კომერციული პროექტი,  რადგან გარადა დეგუსტაციისა, მსურველებს  ქართული  ღვინის შეძენა შეეძლოთ. ეს გამოფენა საქართველო-ჩინეთის  დაახლოების კიდევ ერთი საშუალებაა.  დღევანდელ სამიტს მაღალი რანგის სტუმრები ჰყავს. ღონისძიებას 52 ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების, დიპლომატიური მისიების, ჩინეთის მთავრობის და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან. აღნიშნული სამიტი საკმაოდ მაღალი დონისაა და შესაბამისად, კარგი საშუალებაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.  სამიტის ფარგლებში  მოწვეული არიან ჩინეთის რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები და გვსურს, მათ ადგილზე გავაცნოთ ქართულ ღვინო. ჩვენი ინიციატივით, მიმდინარე წლის  ივლისში ქალაქ  შანხაიში ჩატარდა ღონისძიება, სადაც ელექტრონულ პორტალზე (e-commerce china Market) განთავსდა ქართული ღვინო  და უნდა აღვნიშნო, რომ  გასაოცარი შედეგი მივიღეთ - ერთ დღეში 300 ათასი ბოთლი გაიყიდა.  ამ ღონისძიებას  საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდა“, -განაცხადა  აბრეშუმის გზის  კომერციული პალატის დამფუძნებელმა თავმჯდომარემ.

სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  საქართველოს დელეგაციის წევრებმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მონღოლეთსა და ვიეტნამში  დავით აფციაურმა და  აბრეშუმის გზის სავაჭრო კომერციული პალატის ვიცე- თავმჯდომარემ, საქართველოს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის საპატიო თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა. 

საზეიმო მიღებაზე  ჩინელმა მსახიობებმა ტრადიციული ცეკვები და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა ანსამბლ ,,რუსთავის“ მოცეკვავეების მიერ შესრულებულმა  ქართულმა ხალხურმა ცეკვებმა.

ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის (CCTV) ეთერით, რომელსაც ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს.

საზეიმო მიღებას საქართველოს დელეგაციის წევრები  საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს საპარტნიორო ფონდის, საქართველოს პრეზიდენტის აპარატის, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები და ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის  გენერალური დირექტორი ადამ ჰუანგი ესწრებოდნენ.