ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი 2016/2017 სასწავლო წელი 9 სექტემბერს დაიწყება.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. საზღვაო აკადემიაში ორი მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესი: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ამჟამად აკადემიაში 2200 სტუდენტი სწავლობს.

2016/2017 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული 550 ვაკანტური ადგილიდან 550-ივე შეივსო. შესაბამისად, წელს პირველად საზღვაო აკადემიას 100%-იანი სტუდენტთა მიღება აქვს. სასწავლებელში ყველა ვაკანსია შეივსო და გარე მობილობით 60 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე დიდი მოთხოვნა ნავიგაციისა და ლოჯისტიკის სპეციალობებზე დაფიქსირდა.

სასწავლო წლის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება საზღვაო აკადემიაში 10:00 საათზე გაიმართება. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი და მოწვეული სტუმრები სტუდენტებს სწავლის დაწყებას მიულოცავენ. ღონისძიებას საზღვაო აკადემიის ორკესტრი და აკადემიის სტუდენტური ბენდი გაალამაზებს.

აკადემია ამზადებს არა მხოლოდ ოფიცრებს, არამედ რიგით მეზღვაურებს სასწავლებელთან არსებულ პროფესიული გადამზადების ცენტრში (ერთ წლიანი უფასო სწავლება), რაც ეხმარება კურსდამთავრებულს, მოკლე დროში დაეუფლონ  აღნიშნულ კვალიფიკაციას.

საზღვაო აკადემიის სტუდენტის დასაქმების არეალი არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა. აკადემიის კურსდამთავრებულთა საშუალო დასაქმების მაჩვენებელი 75 პროცენტია. ქართველი მეზღვაურები, ძირითადად, დასაქმებულნი არიან ევროპულ და აზიურ გემთმფლობელ გემებზე.

წელს, სასწავლებლმა სანავიგაციო ხიდურისა და გემბანის საწყისი ცნებების აუდიტორიები შეიძინა.  სანავიგაციო ხიდურისთვის აღჭურვილობა იაპონური კომპანია „Furuno“-ს ეკუთვნის, რომლის შესაძენად აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 390 000 ლარი გამოიყო.

თანამედროვე აღჭურვილობა მთლიანად მოიცავს ხიდურის ყველა იმ მოწყობილობას (რადარი, ელექტრონული რუქა, კომპასი, გლობალური კომუნიკაციის საშუალებები, სინოპტიკური ხელსაწყოები), რომელიც დღესდღეობით უცხოურ  საზღვაო გემებზე არსებობს. სანავიგაციო ხიდური  საზღვაო აკადემიის სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამყარებასა  და  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებაში დაეხმარება.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მოქმედებს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების და საერთაშორისო დონის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია  თანამედროვე სასწავლო-სიმულაციური დანადგარებით და იგი წარმოადგენს საზღვაო ფლოტის სხვადასხვა დონის სპეციალისტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიცირების ცენტრს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 2 მილიონი ლარი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ამ პროექტის წარმატებით დანერგვაში დამატებით გამოყო დაახლოებით 400 000 ლარი.

ამჟამად საქართველოში, დაახლოებით, 15,000 მეზღვაურია. ყველაზე დაბალი რანგის მქონე ქართველი მეზღვაურის (ოფიცრის)  და კაპიტნის თვიური ანაზღაურება შეადგენს, შესაბამისად, 3,000 აშშ დოლარსა და 14,000 აშშ დოლარს. საქართველოს ბიუჯეტში,  ქართველ მეზღვაურებს, წლიურად, დაახლოებით 150-180 მლნ. ლარი შემოაქვთ.