14 დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცა

14 დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცა

14 დევნილი ოჯახი თბილისში, გახოკიძის ქ.N62-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში ბინის მესაკუთრე გახდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილ ოჯახებს გასაღებები გადასცეს და ახალი ბინები მათთან ერთად დაათვალიერეს.

აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ყაზბეგის ქ. 34-ში კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებულ შენობაში ცხოვრობდნენ.  სამინისტროსა და კერძო მესაკუთრეს შორის მოლაპარაკების შედეგად, დევნილები თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ, რომლებიც მათ საკუთრებაში გადაეცემათ.

დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, ეს  არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის წარმატებული მაგალითი.

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის.  დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ უმძიმეს პირობებში  ყაზბეგის გამზირზე,  სადაც იგეგმება 7-მილიონიანი  ინვესტიციის განხორციელება.  ჩვენ შევთანხმდით ინვესტორთან და დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა თანადაფინანსებით განხორციელდა - 50% სამინისტრომ, ხოლო 50% შპს „4 კენმა“  დაფარა.  დევნილები თავიდანვე იყვნენ ჩართულები ბინების შერჩევის პროცესში,  როგორი უნდა ყოფილიყო ოთახების განლაგება,  რა ფერად შეეღებათ  კედლები და ასე შემდეგ, ბუნებრივია იმ თანხის ფარგლებში რაც იყო გამოყოფილი.   ყაზბეგის გამზირზე არსებული შენობის ნახევარი, რომელიც  ავარიული იყო შარშან დავცალეთ, დევნილი ოჯახების ნაწილი კი  წელს გადმოვიყვანეთ ახალ ბინებში.  ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ თანამშრომლობას ასეთ კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ ინვესტიციების განხორციელების სურვილი და მთლიანობაში წელს თბილისში საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში ახალ ბინებში გადაყვანილია 40-მდე დევნილი ოჯახი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა

დევნილი ოჯახებისთვის ბინები სამშენებლო კომპანია „ტეტრისის“  მიერ ახალაშენებულ კორპუსში იქნა შესყიდული.