საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, პატიმრობის კოდექსის საფუძველზე, „საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების წესი“ დამტკიცდა.
ბრძანებაში პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის, აგრეთვე, სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ ფოტოგადაღების განხორციელების წესი და პირობებია გაწერილია. ასევე, ბრძანებით არის დარეგულირებული დაწესებულებებში ფოტოაპარატის შეტანის და შემოწმების პროცედურები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ, ბრძანებით გათვალისწინებული ფოტოსურათების გამოყენება შეიძლება მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის და დაუშვებელია მათი საჯაროდ გამოქვეყნება. უფლებამოსილების განხორციელებამდე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები, დაწესებულებაში უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვის თაობაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალურ კურსს გაივლიან
ბრძანება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ, სახალხო დამცველთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად მომზადდა.