1 სექტემბერს, კომპანია ეივონ (AVON) კოსმეტიკს საქართველოს დირექტორმა სერგეი ოსადჩიმ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი ჩაერთვება კომპანია ეივონის კამპანიაში, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობამდე ძუძუს კიბოსა და მისი პრევენციის ზომების შესახებ ინფორმაციის მიტანას. დამატებით, კომპანია ეივონი უზრუნველყოფს ქალბატონთა უფასო კონსულტაციას, ექოსკოპიურ და მამოგრაფიულ გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკას, მობილური კლინიკის საშუალებით.
ლიბერთი ბანკი საქართველოს ბაზარზე მომსახურების ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი და 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ამ კამპანიაში ჩართვით, ბანკი გამოიყენებს საკუთარ პლატფორმას და ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას, არა მარტო ქალაქებში, არამედ სოფლებშიც, სადაც სამედიცინო ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ არის განვითარებული და ქალბატონებს ხელი არ მიუწვდებათ უფასო სკრინინგის პროგრამებთან. ლიბერთი ბანკი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მასალების გავრცელებას და ასევე ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას მათ რეგიონში კომპანია ეივონის მობილური კლინიკის ვიზიტის შესახებ.
1992 წლიდან კომპანია AVON აქტიურად ახორციელებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას მთელ მსოფლიოში. 2013 წლიდან, არსებულ პროგრამას AVON საქართველოც შეუერთდა. საქველმოქმედო მიზნების განსახორციელებლად ეივონი საქველმოქმედო პროდუქტების გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს სრულად მიმართავს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისკენ. კომპანიამ 2014 წელს ულტრათანამედროვე ციფრული მამოგრაფიული აპარატი შეიძინა და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში განათავსა, სადაც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა და მიიღოს კვალიფიციური მამოლოგის კონსულტაცია. ამის გარდა კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ვარდისფერ მსვლელობას, რომელიც ემსახურება ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის გაზრდას.
2016 წლის 15 აგვისტოდან, კომპანიამ მობილური კლინიკის საშუალებით დაიწყო რეგიონებში ვიზიტი, სადაც ქალბატონები იღებენ უფასო კონსულტაციას და დიაგნოსტიკას თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის გამოყენებით. კამპანია დაიწყო რაჭაში და გაგრძელდება სვანეთში, გურიასა და სამეგრელოში.
ძუძუს კიბო ერთერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ადრეულ სტადიაში აღმოჩენისას 10-დან 8 შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია. მუდმივი თვითშემოწმება და სკრინინგი, საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ქალბატონმა მიიღოს ინფორმაცია თვითშემოწმების მეთოდების და სკრინინგის შესახებ.
პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები ქალბატონები მიიღებენ როგორც მამოლოგის უფასო კონსულტაციას, ასევე პირველად ექნებათ შესაძლებლობა ჩაიტარონ უფასო მამოგრაფიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.
„ლიბერთი ბანკის მხარდაჭერა ამ კამპანიაში უდაოდ ღირებულია და მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტი ქალბატონი შეიტყობს მობილური კლინიკის მომსახურების შესაძლებლობის შესახებ და ასევე მიიღებენ საგანმანათლებლო მასალებს ძუძუს კიბოს პრევენციის ზომების შესახებ“ - აღნიშნა კომპანია ეივონის დირექტორმა, სერგეი ოსადჩიმ.
„მოხარული ვართ, რომ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში გარკვეულ წვლილს ჩვენც შევიტანთ. კომპანია ეივონთან ერთად განვახორციელებთ ასევე სხვა ღონისძიებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ძუძუს კიბოს და მისი პრევენციის შესახებ ცნობადობის გაზრდას საქართველოში“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა