უვადოდ მსჯავრდებულებმა პატრიარქის საჩუქრები მიიღეს

უვადოდ მსჯავრდებულებმა პატრიარქის საჩუქრები მიიღეს

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პირებმა საქართველოს პატრიარქისგან საჩუქრები მიიღეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში უვადოდ მსჯავრდებულებს საჩუქრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, საპარტიარქოს წარმომადგენლებმა დღეს გადასცეს და მარიამობა მიულოცეს.

მსჯავრდებულებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული, საეკლესიო ლიტერატურა, ხატები და სანთლები გადაეცათ.

„საქართველოს პატრიარქმა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, უვადოდ მსჯავრდებულებს საჩუქრები გამოუგზავნა. ილია II-მ მათ მიმართ დიდი სიყვარული გამოიჩინა, ამას თავად მსჯავრდებულებიც გრძნობენ და ამ სითბოს თითოეული მათგანი აღნიშნავს“,- განაცხადა მამა გურამ ოთხოზორიამ.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საჩუქრებს სხვა დაწესებულებებში მყოფი უვადოდ მსჯავრდებულებიც მიიღებენ.