საქართველოში თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრის, ფარუკ ჩელიკის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბიზნესფორუმი გაიმართა.
ფორუმი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ფორუმს სტუმრის სტატუსით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, დღევანდელი ბიზნესფორუმის გამართვის გადაწყვეტილება საქართვლოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ქართული დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შედეგზე ორიენტირებული შეხვედრები გავმართეთ ჩვენს თურქ კოლეგასთან და მივაღწიეთ შეთანხმებას სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, კერძო სექტორისთვის ყველა პირობა და საუკეთესო ასპარეზი შეიქმნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოებისთვის“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მძიმე წუთებში მხარდაჭერისთვის.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩვენს ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის დროს მხარდაჭერა გამოხატა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფარუკ ჩელიკმა.
როგორც თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა აღნიშნა, 2016 წელი გარდამტეხია ორ ქვეყანას შორის აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში.
„ყველა საკითხზე, რომელიც სამომავლო ურთიერთობისთვის განვიხილეთ, გვაქვს კონსესუსი. ამის შემდეგ ბიზნესმენებმა უნდა შეძლონ მაქსიმალურად გამოიყენენ ის პოტენციალი, რაც არსებობს“, - განაცხადა თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა.
მისასალმებელი განცხადებების შემდეგ, ფორუმზე, პრეზენტაციების ფორმატში, მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ საქმიანობასა და დაგროვილ გამოცდილებებზე ისაუბრეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა აგრარული დარგის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს კოლეგებს და ბიზნესექტორის წარმომადგენლებს.
ფორუმის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში თურქული კომპანიების 43 წარმომადგენელი ჩამოვიდა. მათ შორის არიან რძის მწარმოებელი კომპანიები, ასევე მარცვლელულის, თევზის, კვერცხის, სასმელის, ხორცის, ცხოველური საკვების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებლები და მეფრინველეები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბაზარზე მომუშავე 40-მდე თურქულმა კომპანიამ ასევე, 25 ქართულმა კომპანიამ, რომელთა საქმიანობის ძირითადი სფეროებიც თევზის, რძის, ჩირის, ჩაის, ღვინისა და ხილის წარმოებაა.