ოთარ დანელია თურქ კოლეგას შეხვდა

ოთარ დანელია თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს, ფარუკ ჩელიკს შეხვდა.  შეხვედრაზე  ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა  თურქეთისთვის მძიმე წუთებში საქართველოდან მიღებულ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.  მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი თვის წინ, თურქეთში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს  შეხვედრაზე  საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფებოდა. სწორედ იქ მოხდა შეთანხმება, რომ უახლოს დროში, სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა საქართველოში გაიმართებოდა.

,,დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი  განვიხილეთ. 22 წლის შემდეგ, პირველად იმართება სოფლის მეურნეობის სფეროში აღმსარულებელი კომიტეტის შეხვედრა, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება თანამშრომლობისა და ურთიერთობების მომავალი განვითარების თვალსაზირისით. თურქეთსა და საქართველოს შორის კარგი სავაჭრო ურთიერთობებია, მაგრამ მისი მთელი მოცულობის მხოლოდ 10%-ს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა. ეს არ შეეფერება იმ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ძალისხმევა იმისთვის, რათა ეს პოტენციალი განვავითაროთ.  უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოში იმყოფება თურქეთიდან 44 ბიზნესმენი, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობენ და ისინი დღეს გამართულ საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, ყველა საკითხი, რაც ქვეყნებისთვის ორხმრივად სასარგებლო და სასიკეთოა, დადებითად გადაწყდეს.

,,თურქეთი არის საქართველოს ახლო მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც  სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები საჭიროებს გადახედვას და გაუმჯობესებას. შეხვედრაზე შევთანხმდით პრაქტიკულად ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით. არის ბევრი მიმართულება, სადაც შეიძლება საქართველომ და თურქეთმა აქტიურად ითანამშრომლონ. უნდა აღინიშნოს, რომ უპირობოდ შეგვიძლია თანამშრომლობა იმ პოზიციებში, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული.  ამიტომ ევროკავშირთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი,  არის დამატებითი შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ სხვა ბაზრებზე სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები“,  - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოდან თურქეთში   ისეთი პროდუქტების ექსპორტს, როგორიცაა თხილი, ხორცი, ასევე  თაფლი  და ყურძნის კონცენტრატი. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ითვალისწინებს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის თურქეთიდან იმ პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოებაც ქვეყანაში არ ხორციელდება.

ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ 22 წლიანი პაუზის შემდეგ, აგრარული მიმართულებით ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის პირველი ვიზიტია საქართველოში. დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა  ყოველწლიურად გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა და ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც  მცენარეთა წარმოებისა და მცენარეთა დაცვის, ცხოველთა კეთილდღეობის და ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე სამეცნიერო მიმართულებებითა და ვაჭრობის გაღრმავების კუთხით   თანამშრომლობას ითვალისწინებს. ოქმს ხელი მოაწერეს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრის მოადგილემ, ნურსეთ იაზიჩმა.

დღესვე, მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც აგრარული მიმართულების უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.