საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მესტიაში ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს სამინისტროს საქმიანობისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენდა.
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ. სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს.
მსგავსი შეხვედრები, სამინისტროს ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.