კახა კახიშვილი ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

კახა კახიშვილი ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს შანდორ პინტერს შეხვდა.

შეხვედრაზე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით ქვეყანა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. შანდორ პინტერის თქმით, უნგრეთი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. თავის მხრივ, კახა კახიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერისთვის უნგრეთის ხელისუფლების მიმართ მადლიერება გამოხატა.

ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში არსებულ ვითარებას, გატარებულ რეფორმებსა და ამის შედეგად მიღწეულ პროგრესს. განსაკუთრებული ყურადღება მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა დასაქმების შესაძლებლობებსა და მათი  რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე გამახვილდა. კახა კახიშვილი და შანდორ პინტერი შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით, საქართველო უნგრეთის გამოცდილებას გაიზიარებს.

კახა კახიშვილი ბუდაპეშტში შანდორ პინტერის მიწვევით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან უწყების პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ფანიაშვილი. მინისტრი  დელეგაციასთან ერთად, უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეების სამსახურის გენერალურ დირექტორს ანდრას ქსოტსა და მის მოადგილეებსაც შეხვდა. შეხვედრაზე პენიტენციისა და პრობაციის სამსახურების მუშაობის სპეციფიკა  დეტალურად განიხილეს. მხარეები პატიმართა დასაქმების, სარებილიტაციო პროგრამების დანერგვის, ალტერნატიული სასჯელების განვითარებისა და პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კახა კახიშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით,  უნგრეთის ციხეების სამსახურის ხელმძღვანელი თბილისში მოიწვია.