„ქართულ ციხეებში წამება ოდესღაც „ნორმალურად“ ითვლებოდა - ეს არის ის, რაც „ეფექტურად აღიკვეთა“, - მსგავსი სათაურით საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას გლობალური მედია პლატფორმა „opendemocracy -აქვეყნებს.
სტატიაში ყურადღება საქართველოში 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზეა გამახვილებული. ავტორი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის 2016 წლის ანგარიშს ეყრდნობა, რომელიც ქვეყანაში 2004-2012 წლებში წამების პრაქტიკას ეხება.
სტატიაში მოყვანილია წამების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მანფრედ ნოვაკის 2005 წლის მონიტორინგისა და 2015 წელში არსებული ვითარების ამსახველი ანგარიშების შედარებაც. სტატიის ავტორს ასევე, ციხეებში ადამიანთა წამების კონკრეტული საქმეებიც აქვს მოყვანილი.
ყოფილი პატიმრები, რომლებმაც ჩვენებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ანონიმურად მისცეს ყვებიან, რომ მათ წინა ხელისუფლების პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ფრჩხილებს აძრობდნენ, ულეწავდნენ ძვლებს, ყინულით სავსე კასრში ახრჩობდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა წამების საკითხებში მანფრედ ნოვაკმა, 2005 წელს საქართველოს სხვადასხვა დაწესებულებებში არსებული ვითარების შეფასებისას აღნიშნა, რომ წამება და პატიმრებზე ძალადობა ციხის თანამშრომლების მხრიდან ნორმალურად მიიჩნეოდა და წახალისებულიც კი იყო.
ათი წლის შემდეგ დაბრუნებულ გაეროს წარმომადგენლობას კი, ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული ვითარება დახვდა. სტატიაში ნათქვამია, რომ პატიმართა რაოდენობა განახევრებული, ხოლო მრავალი აღმაშფოთებელი პრაქტიკა და სასჯელი სისტემიდან საერთოდ გამქრალი იყო. გაეროს სპეციალური მომხსენებლის ხუან ი. მენდესის განცხადებით, მრავალი მტკიცებულების გათვალისწინებით მან აღმოაჩინა, რომ ფიზიკური დასჯადა იძულებით აღიარების მიღება ეფექტურად გაუქმდა. გარდა ამისა, მენდესმა მოიწონა მთავრობის „პოლიტიკის ცვლილება“ და „რადიკალური ცვლილებები თანამშრომლების მენტალობაში, მთლიან ჯაჭვში,“ ამასთან, მენდესმა აღნიშნა, რომ მისი საქმიანობა წამების ფაქტებზე პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობის ნაწილში არ დასრულებულა. საქართველოს მასშტაბით დაკავების ადგილებში გაუფრთხილებელი ვიზიტების განხორციელების შემდეგ მენდესმა აღნიშნა, რომ პატიმრობის პირობები არის მისაღები, ასევე, საკვები და ჯანდაცვა არის ადეკვატური, ხოლო პატიმრებს აქვთ შესაბამისი წვდომა სატელეფონო ზარებზე, რათა ეკონტაქტონ ოჯახის წევრებს.
„opendemocracy“ სტატიაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მმართველობის დროს საქართველოს ევროპაში თითო სულ მოსახელზე ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს მასშტაბით მეოთხე ადგილს იკავებდა. სტატიაში, ასევე, ნათქვამია რომ „ციხეში ცხოვრება იყო უმძიმესი, დამამცირებელი და საშიში“. არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის სინდრომის შესახებ, რომელიც იმ პერიოდში მართლმსაჯულების სისტემაში არსებობდა, სულ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია იტყობინებოდა.
სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ის მოვლენები, რომელიც ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მათ შორის გაუპატიურების კადრების შემდეგ ქვეყანაში განვითარდა. ასევე საუბარია ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად პატიმართა რაოდენობის განახევრებაზე და ნათქვამია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველო მსოფლიოში პატიმართა რაოდენობის მიხედვიოთ 96- ე ადგილზეა .
სტატიის დასასრულს, ვესტმინსტერის ფონდის წარმომადგენლის საქართელოში ბორის ნადირაძის შეფასებაა მოყვანილი, რომლის განცხადებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.