დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი 8 000 წლის ელჩი - ქართული ღვინო“

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი 8 000 წლის ელჩი - ქართული ღვინო“

"მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გაგაცნოთ საქართველოს ყველაზე გამოცდილი ელჩი, ყველაზე კარგი მომლაპარაკებელი და ელჩებს შორის უხუცესი -  ქართული ღვინო. ნანჩანგში გაიხსნა ქართული ღვინის სახლი, სადაც მუშაობა დაიწყო ჩვენმა 8000 წლის ელჩმა - ქართულმა ღვინომ. ის აუცილებლად იქნება წარმატებული თავის დიპლომატიურ საქმიანობაში"“ - ასე მიმართა  ძიანსის პროვინციაში,  ნანჩანგში, ქართულის ღვინის სახლის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ნანჩანგში ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი და ღვინის სავანე „ჯუნგე“ ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით, საქართველოს სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება  ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას გაეცნოს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე–პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებით. მისი თქმით, საქართველო მზადაა, გააფართოვოს ქვეყნის მონაწილეობა აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის პროექტის ფარგლებში და ხელი შეუწყოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალმხრივი ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას  მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული და სხვა  მიმართულებით. ორი ქვეყნის მთავრობათა შორის თანამშრომლობის ფორმატი, მათ  შორის     საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

„ღვინო ქართული კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დიდი ხანია საქართველო „ღვინის სამშობლოს“ სტატუსით სარგებლობს და დღევანდელ დღეს განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩვენი ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს ქართული ღვინო წარმოადგენს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით,  მისასალმებელია, რომ ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ოთხ ათეულამდე ქართული ღვინის სახლია და არსებული ინფორმაციით, უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი შეიძლება გაორმაგდეს.

ნანჩანგის ქართული ღვინის სახლი  4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და მოიცავს  სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზებს, მუზეუმს, ენოთეკას და ქართულ რესტორანს.

ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრისა და ღვინის სავანის გახსნის ცერემონიაზე მოსულ სტუმრების შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ასევე გაცნობოდნენ ქართულ ფოლკლორს - ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ჩინეთში. 

ჩინეთის მასშტაბით დღეისთვის სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიიების მიერ ბოლო ორ წელიწადში გახსნილია რამდენიმე ათეული ქართული ღვინის მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა.

2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.  საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.

ნანჩანგში გამართულ ღონისძიებას ღონისძიებას დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასევე საქართველოსა და ძიანგსის პროვინციის მთავრობების მაღალი თანამდებობის პირები. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ქართული დელეგაციის გარდა, დაესწრო 200-ზე მეტი ადგილობრივი სტუმარი.