არასრულწლოვან მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს დეპუტატმა ზაზა კოლელიშვილმა საჩუქრები გადასცა

არასრულწლოვან მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს დეპუტატმა ზაზა კოლელიშვილმა საჩუქრები გადასცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს  თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა  დეპუტატმა  ზაზა კოლელიშვილმა  ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია „გვირილა პლიუსის“  მხარდაჭერით საჩუქრები გადასცა.

სტუმრები მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ, მათ N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სასწავლო ოთახები, სპორტული დარბაზი და დაწესებულების ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, ასევე,  მოინახულეს მინანქრისა და   ხეზე კვეთის სახელოსნოები.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კოლელიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. 

„სხვადასხვა დაწესებულებებში ნამყოფი ვიყავი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას  პირველად ვესტუმრე და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დავინახე,  როგორ ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი იმ ადამიანებზე, რომლებმაც ცხოვრებაში ცოტა წაიბორძიკეს. აქ ახალგაზრდების მომავალზე ფიქრობენ, სტიმულს აძლევენ,  რომ მომავალისთვის უკეთესი პირობები შეიქმნან.  მომხიბლეს  იმ ადამიანებმა, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ. ყველაზე მეტად კი არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვმა გამახარა.  მახსოვს ძველი პერიოდი და რადიკალურად განსხვავებული ციფრები.  დღეს კი ამ დაწესებულებაში  მხოლოდ 17 მსჯავრდებულია. ნანახმა იმედით ამავსო,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზაზა კოლელიშვილმა.

სტუმრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს ტანსაცმელი, პირადი მოხმარების ნივთები და ტკბილეული გადასცეს.