სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო N6 დაწესებულებაში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით აცხადებს, რომ N6 დაწესებულება განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაა, სადაც საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები არიან განთავსებულნი. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები „პატიმრობოს კოდექსით“ არის განსაზღვრული და შესაბამისად, N6 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან ყველა იმ პირობითა და სერვისით, რასაც კანონი მათთვის ითვალისწინებს.
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას. შესაბამისად, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოება, დაიცვას წესრიგი და ასევე, უზრუნველყოს სასჯელის მოხდის სათანადო პირობები. სწორედ ამ მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დაწესებულებაში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები განახორციელა, მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. N6 დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სახალხო დამცველის ამავე ანგარიშშიც პოზიტიურადაა შეფასებული.
რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებაში დაფიქსირებულ მოსაზრებებს - პატიმრობსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობებთან, ან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არც ერთ მსგავს შესაძლო შემთხვევას არ ტოვებს უყურადღებოდ. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ თითოეულ მსგავს შესაძლო ფაქტს და შედეგის შესაბამისად ახდენენ სათანადო რეაგირებას.
განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში ვიზუალური მეთვალყურეობის განხორციელება ხდება ყველა წესის დაცვით, მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შეულახავად. ჩვეულებრივ საკანში მეთვალყურეობის არე არ მოიცავს საპირფარეშოს სივრცეს, უსაფრთხო ოთახში გადაყვანის შემთხვევაშიც, ელექტონული საშუალებებით ვიზუალური მეთვალყურეობა უზრუნველყოფილია პატიმრის უფლებებისა და ღირსების დაცვით.
მსჯავრდებულის სხეულზე ნებისმიერი დაზიანებისა თუ ტრავმების დოკუმინტერება ხდება არსებული წესების მიხედვით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამისტროში უკვე დასრულების სტადიაშია მუშაობა „სტამბოლის პროტოკოლის“ შესაბამისად დაზიანების აღრიცხვის წესსა და ფორმაზე, რომლის დამტკიცებისა და ამოქმედების შემდეგ აღრციხვა სწორედ აღნიშნული წესის თანახმად მოხდება. N6-ში, ისევე, როგორც ყველა სხვა პენიტენცურ დაწესებულებაში, ყველა მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო სერვისით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრიული დახმარებით.
გამომდინარე იქიდან, რომ N6 დაწესებულება განსაკუთრებული რისკისაა, ფსიქო-სოციალური სარებილიტაციო პროგრამები ხორციელდება მსჯავრდებულებთან ინდივიდუალური მუშაობის რეჟიმში და არა ჯგუფურად. სასჯელის ინიდივიდუალური დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში, უკვე გადამზადებულია სპეციალური ჯგუფი, რომელიც თითოეული მსჯავრდებულის საჭიროებების გათვალისწინებით, მათთვის ინდივიდუალურ სარებილიტაციო პროგრამებს განსაზღვრავს.
N6 დაწესებულების მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან დადგენილი წესით ხანმოკლე პაემნით, სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და სხვა კანონით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრით. სახალხო დამცველის განცხადებაშივეა აღნიშნული, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიმართ, მონიტორინგის განხორციელების პროცესში, ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე სახით ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაცია ვალდებულია იზრუნოს, როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ასევე, მათთან პაემანზე მისული ნებისმიერი წევრის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, მოკლევადიანი პაემანი ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, გამყოფი შუშის ბარიერის მეშვეობით. მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად გაგზავნოს საჩივარი. წერილის დათვალიერება ხდება მხოლოდ ვიზუალურად, გარდა სხვა, კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის პროექტის ფარგლებში, საშიშროებს რისკის სახე რისკების შეფასების გუნდის მიერ განისაზღვრება. საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს იმ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას, რომლებიც უკვე შეაფასეს. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხდება მისი შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა. რიკის ცვლილების შემთხვევაში, მსჯავრდებული გადავა შესაბამის დაწესებულებაში. განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომელიც კანონითაა განსაზღვრული.