დღეს, 8 ივლისს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მენეჯმენტი კომპანიის განვითარების სტრატეგიულ გეგმებთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა.
კომპანიის წარმომადგენლებმა, მოწვეულ სტუმრებს, მნიშვნელოვანი საინვესტიცო მიმართულებები გააცნეს. საუბარი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, დედაქალაქის წყალმომარაგებასა და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებზე შედგა.
4 ივლისს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმი წარმატებით დასრულდა. ჟიურიმ სამი საუკეთესო ინოვაციური იდეის მქონე გუნდი გამოავლინა. გამარჯვებულები კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ფულადი პრემიით დაჯილდოვა.
კომპანიამ ზონირების პროექტი დაიწყო, რაც წყლის დანაკარგების შემცირებას უზრუნველყოფს.
ზონირების პროექტის განსახორციელებლად პირველი ბიზნეს-ცენტრი ისანი-სამგორის რაიონში გაიხსნა.
ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის ექსპლუატაციაში გასაშვები სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. კომპანიამ ჰიდროელექტროსადგურის ტურბინა-გენერატორის და სხვა ტექნიკური მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები უკვე დაიწყო.
საგურამოჰესის ამოქმედება დაგეგმილია ოქტობრის თვეში, რაც ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის'' სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს.
კომპანია თბილისის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.
მიმდინარე კვირის მანძილზე ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, თემქის XI მ/რ-ს III კვარტალში, მაგისტრალური წყალსადენის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთის ახლით შეცვლის პროცესი დაიწყო.
სამგორის რაიონში, ლოჭინოს ხევზე, 1200 მმ-იანი წყალსადენის, 140 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ახლით იცვლება წყალსადენის და წყალარინების ქსელები.
ასევე დასრულების ეტაპზეა გლდანის რაიონში, მორეტის ქუჩაზე მიმდინარე წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი.
აღნიშნული სამუშაოები ზემოთ მოცემულ უბნებში სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.