მინისკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მინისკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბელარუსის რესპუბლიკაში, ქალაქ მინისკში საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ქართულ დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია იყვნენ.

ბელარუსის რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის გაუმჯობესების, ერთობლივი საწარმოების შექმნის, დარგის სპეციალისტების გადამზადებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

საუბარი შეეხო ქართული ციტრუსის, ჩაის, თხილის, ღვინოს, სხვა ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ბელარუსის რესპუბლიკაში ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ 2016 წლის სექტემბერში, ქალაქ თბილისში საგამოფენო ცენტრში  „ექსპოჯორჯია“ ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური გამოფენა მოეწყობა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელარუსული წარმოების აგროტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია,  სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ახალი ტექნოლოგიები.