სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნისა და ჯიღაურას სადემონსტრაციო ბაზებზე „მინდვრის დღეები“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის ინიციატივით გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა გახსნა.
„მინდვრის დღეები“ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე კვლევების შედეგების დაინტერესებული პირებისთვის საველე პირობებში დემონსტრირებას გულისხმობს.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა წილკნის ერთწლოვანი კულტურების ექსპერიმენტული ნათესების ნაკვეთები დაათვალიერეს, სადაც ადგილობრივი და ინტროდუცირებული (შემოტანილია კორეიდან და ბელრუსიიდან) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჯიშთა შესწავლა-გამოცდა, მყნობის ტექნოლოგიების გამოყენებით ნამყენი ბოსტნეული კულტურების შერჩევა-გამოცდა, ნამყენების რეზისტენტობისა და კომბინაციების შესწავლა და საუკეთესოთა გამორჩევა, გერმანული პრეპარატებით მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის (მცენარეთა დაცვის საშუალებების) გამოყენებით ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს.
სტუმრები ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ქართული და ინტროდუცირებული ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობებიც დაათვალიერეს და მყნობის ახალ ტექნოლოგიებს, პროდუქციის წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ეფექტიანობის საკითხებს, მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებების გამოყენების მნიშვნელობას გაეცნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ასევე, საპატრიაქროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და ფერმერებმა მიიღეს.