„სტარტაპ საქართველოს“ პროგრამით დაინტერესებული ადამიანებისთვის ღია კარის დღეები იმართება

„სტარტაპ საქართველოს“ პროგრამით დაინტერესებული ადამიანებისთვის ღია კარის დღეები იმართება

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 30 ივნისს, ეკონომიკის სამინისტროს ტექნოლოგიურ პარკში გამართულ „ღია კარის დღეზე“ დეტალურად გაცნობოდნენ პროგრამაში მონაწილეობის წესებსა და პირობებს. დამსწრე საზოგადოებას პროგრამის დეტალები ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ და „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა ვაჟა მენაბდემ გააცნეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ „სტარტაპ საქართველო“ არის უნიკალური და ინოვაციური პროგრამა, მას ახასიათებს ბევრი ისეთი თავისებურება, რომელსაც ესაჭიროება განსაკუთრებით, დეტალურად ახსნა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც პოტენციურად შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში. ღია კარის დღეების გარდა, ინტენსიურად დავდივართ რეგიონებში და ვატარებთ პრეზენტაციებს. გვიხარია, რომ ძალიან მაღალია პროგრამისადმი ინტერესი“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ.

პროგრამისადმი დიდ დაინტერესებას გაუსვა ასევე ხაზი  ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ. მისი თქმით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მომსახურება მიიღონ ტექნოლოგიური პარკის შენობაში არსებულ ფრონტ-ოფისში, ასევე ისარგებლონ ინტერნეტ-გვერდით (www.startup.gov.ge) და სატელეფონო ცხელი ხაზის მომსახურებით.

 „ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამამ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მთავარი ამოცანაა, რომ იპოვოს მაღალტექნოლოგიური სტარტაპები, მოახდინოს მათი დაფინანსება, დაეხმაროს შემდგომი ინვესტირების მოპოვებაში. მათ თითოეულ განაცხადს შეაფასებენ ვენჩურული ინვესტორები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ,   „სილიკონ ველიდან.“ საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსების  მიღებასთან ერთად წარმატებულ, საუკეთესო სტარტაპებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით წარადგინონ თავიანთი პროექტები უფრო ფართო სპექტრით, ინვესტორების წინაშე, მიიღონ დამატებითი დაფინანსება და გააძლიერონ თავიანთი ბიზნესი“ - აღნიშნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი,  მომდევნო „ღია კარის დღეები“ ტექნოპარკში  14 და 28 ივლისს, 19.00 საათზე გაიმართება.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საპარტნიორო ფონდმა  „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამისგანხორციელება დაიწყეს

პროგრამა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესის იდეა, მაგრამ არ აქვს მისი განხორციელებისთის საჭირო ფინანსური რესურსი,  გამოიყენონ უნიკალური შანსი განახორციელონ და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი პროექტის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანიასტარტაპ საქართველოთითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნესიდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში.

უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება. განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ-გვერდზე www.startup.gov.ge. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი: +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები მოსახლეობისთვის პრეზენტაციებს რეგიონებშიც მართავენ. პირველი შეხვედრა 28 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის და შიდა ქართლის მოსახლეობისთვის პრეზენტაციები გაიმართება 1 ივლისს