2016 წლის 1 ივლისს, 13:00 საათზე, ლოპოტას ტბის საკურორტო კომპლექსში გაიმართება საზაფხულო სკოლის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“ გახსნა. პროექტი ხორციელდება, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ, სლოვაკურ ორგანიზაციასთან - Nadacia Pontis-თან თანამშრომლობით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანადგომითა და „ვიშეგრადის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებას გახნიან:
ლელა ხოფერი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, CSR პროგრამის კოორდინატორი.
ტატიანა ზილკოვა ფონდი PONTIS, საერთაშორისო პროგრამების მენეჯერი.
არჩილ ყარაულაშვილი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
საზაფხულო სკოლას გაუძღვებიან წამყვანი ექსპერტები როგორც საქართველოდან, ისე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან: პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი. მონაწილეობას კი საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.
2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით, ბიზნეს სექტორს მთელი რიგი ახალი შესაძლებლობები ეძლევა. უმეტეს შემთხვევაში, ეს შესაძლებლობები და გამოწვევები კომპანიების მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განხორციელებას უკავშირდება. საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ კომპანიებს გააცნობიერონ და ეფექტურად გამოიყენონ ეს ახალი შესაძლებლობები.