საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე (ანაზღაურების გარეშე):
აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);
აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);
დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);
არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);
ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი).
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს.
კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის საჭიროა საქმიანობის გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს კი, უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა იმ პედაგოგს მიენიჭება, რომელსაც კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უმაღლესი/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატურები ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ. ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატი კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში შეირჩევა და მინისტრს დასამტკიცებლად, ადგილობრივი საბჭოს წევრის უფლებამოსილების გასვლამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა წარედგინება.
საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა ახლდეს. აღნიშნული დოკუმენტების და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციის გადაგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე - gujmajuridze@moc.gov.ge, დამატებითი ინფორმაციის მიღება კი, სატელეფონო ნომრებზე - (+995 32) 231 27 47 (7420), 1500 (7420).
საბუთების მიღება 2016 წლის 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით იწარმოებს.