კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ ქალაქ ვანში 60 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის. პროექტის განსახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კოოპერატივს ქალაქ ვანში, რუსთაველის ქუჩა N22-ში მდებარე 674 კვ.მ. უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი 5 000 ლარად საკუთრებაში გადასცა. საწარმოს ყოველდღიურად 4 ტონა თაფლის გადამუშავების შესაძლებლობა ექნება. ასევე, შეიქმნება 10 სამუშაო ადგილი.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კოოპერატივი ფლობს 1500 ოჯახ ფუტკარს, რომლისგან მიღებული თაფლის გადამუშავება სამომავლოდ ზემოთაღნიშნულ საწარმოში იგეგმება. „კოოპერატივი თაფლი საჩინო“ 5 კოოპერატივის გაერთიანებას წარმოადგენს, სადაც მეპაიეთა რაოდენობა ჯამში 51 წევრს შეადგენს და უახლოეს პერიოდში 70-მდე გაიზრდება.