სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მიმდინარე წლის აპრილის თვეში, გამოცხადებული დასაქმების ფორუმის შედეგად, საცალო გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიაზე, 1500 კანდიდატიდან 212 ადამიანი დაასაქმა, რომელთა გადამზადება უკვე დაწყებულია, ნაწილი კი სამუშაო პროცესშია ჩართული.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის პაატა ლომაძის თქმით, მოქალაქეებს ფორუმში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან შეეძლოთ, კანდიდატები კი ზოგადი უნარების მიხედვით შეირჩა.
„ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს არ მოეთხოვებოდათ უმაღლესი განათლება, ან რაიმე სპეციალობის ცოდნა, ეს იყო ზოგად უნარებზე და ისეთი ადამიანების მოტივაციაზე დამოკიდებული, რომლებიც თავიდან შეისწავლიან ახალ პროფესიას და მონდომებით შეუდგებიან მუშაობას“ -აღნიშნა For.ge -სთან საუბრისას პაატა ლომაძემ.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ ერთ-ერთმა დასაქმებულმა, პროფესიით ენერგეტიკოსმა, დავით მიხელიძემ განაცხადა, რომ შერჩეულ კანდიდატთა შორის, სწორედ სამუშაოს მაძიებელთა საიტზე დარეგისტრირების შემდეგ მოხვდა, რომელსაც თანამშომლად გაფორმებამდე გარკვეული ეტაპების გავლა მოუხდა.
„www.worknet.gov.ge -ზე ვნახე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ გამოცხადებული ვაკანსია, დავრეგისტრირდი, გავიარე გასაუბრება და ასევე 1 კვირიანი ტრენინგი, რის შემდეგადაც გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე დამასაქმეს. ჩემი საქმიანობა ძირითადად სადაზღვევო პოლისებს მოიცავს და ასევე ჯანმრთელობის, ავტო და ქონების დაზღვევას. თვიური ანაზღაურება 260 ლარი და დამატებითი ბონუსებია“, - განაცხადა For.ge -სთან საუბრისას დავით მიხელიძემ
For.ge ასევე მოქალაქე ირმა ბარკალიას ესაუბრა, რომელიც იმავე ფორუმის საშუალებით დასაქმდა.
„მაქვს სხვადასხვა კომპანიებში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ გაყიდვების აგენტად არასოდეს მიმუშავია. უკვე ჩაგვიტარდა ერთ-კვირიანი ტრენინგი და მესამე დღეა რაც გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ვმუშაობ. იმედი მაქვს წინსვლა იქნება და შემოსავალი გაიზრდება“, - აღნიშნა ირმა ბარკალიამ.
რაც შეეხება განმეორებით მსგავსი ფორუმების მოწყობას „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიის სტაბილურობიდან გამომდინარე, პერიოდულად მომავალშიც დაიგეგმება ანალოგიური ფორუმები.
„ჩვენი კომპანია მზარდი, განვითარებადი და სტაბილურია, შესაბამისად პერიოდულად გვექნება მსგავსი ფორუმები და ვაკანსიები. ბუნებრივია ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ნებისმიერ მსურველს და განვიხილავთ მათ კანდიდატურას“, - აღნიშნა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ.