თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია წყნეთში ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის ზაფხულის ბანაკს ეწვია და მოსწავლეებს ლექცია თემაზე -,, თბილისი- წარსული და თანამედროვეობა ‘’ წაუკითხა.
აღნიშნულ პროექტში, რომელიც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ დაფინანსდა, 35 მოსწავლე იღებს მონაწილეობას.
ლექციის შემდეგ მოსწავლეების შეკითხვებს ჯაბა სამუშიამ უპასუხა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ისეთი სახის პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების შემოქმედებით განვითარებას ემსახურება, ყოველთვის შეუწყობს ხელს.
,,ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის ზაფხულის ბანაკში ახალგაზრდებს პედაგოგების დახმარებით საკუთარი ინტერესის სფეროს განვითარებისა და მეცნიერულ მუშაობაში ჩართვის საშუალება მიეცემათ’’,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ და პროექტის ინიციატორსა და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს მადლობა გადაუხადა.
როგორც ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ვიცე - პრეზიდენტმა მანანა შეყილაძემ აღნიშნა, პროექტის მიზანი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის ისტორიის საგნის უკეთ შესწავლაში ხელის შეწყობაა.
,,ჩვენ გავიმარჯვეთ მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და დავდეთ პირობა, რომ ვიკიპედიას აუცილებლად შევმატებდით დედაქალაქის ისტორიის შესახებ ინფორმაციას. საზაფხულო ბანაკში ბავშვებმა მასწავლებლების დახმარებით უკვე მოამზადეს სტატიები, რაც ძალიან მალე აიტვირთება შესაბამის ვებგვერდზე“,- განაცხადა მანანა შეყილაძემ.
4 დღიანი პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა გამოჩენილი ისტორიკოსების ლექციები მოისმინეს და ცნობილი ვიკიპედიელის ჯაბა ლაბაძისგან ტექნიკური ხასიათის სწავლების კურსი გაიარეს.