ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის „სტარტაპ საქართველო“ დაწყება დღეს ოფიციალურად გამოცხადდა. პრეზენტაცია თბილისის ტექნოპარკში ჩატარდა. პროგრამა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.
ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით დაიწყო.
ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრეზენტაციას მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, საპარტნიორო ფონდის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელი პირები და „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ „სტარტაპ საქართველოს“ დაწყების მიზანია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ თავიანთი ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
პროგრამის განხორციელების შედეგად ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთება ამაღლდება, დაიწყება მრავალი ახალი ბიზნესი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობას საკუთარი შემოსავლის წყარო გაუჩნდება.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეიდან დაიწყება განაცხადების მიღება, რომელიც, თავის მხრივ, დაბალ და მაღალტექნოლოგიურ მიმართულებებად დაიყოფა. ამასთან, მაღალტექნოლოგიურის შემთხვევაში მოხდება იდეების გლობალიზაცია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროგრამის მონაწილეები გაივლიან ტრენინგს, როგორ დაიწყონ წარმოება, ჰქონდეთ სწორი მხარდაჭერა იურიდიული, მენეჯერული და ფინანსური თვალსაზრისით. „ყოველივე ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ აქ დაწყებული, გაფილტრული და შემდეგომში დაფინანსებული იდეების უმრავლესობა იყოს წარმატებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.
პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.
პროგრამის კოორდინატორები არიან „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.
საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნესიდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში 40%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში.
ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.
თავის მხრივ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს, რაც მოიცავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ნანოტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ინჟინერიას, კომპიუტერულ მეცნიერებას, ავიაკოსმოსურ წარმოებას, ავტომობილებს, ხელოვნურ ინტელექტს, ბიოტექნოლოგიებს, ბიოინფორმატიკას, ბირთვულ ფიზიკას, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რობოტიკასა და ტელეკომუნიკაციას.
უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ასეთი მაღალტექნოლოგიური პროექტების მსოფლიო ბაზარზე გატანას, ამასთან, დაეხმარება წარმატებულ კომპანიებს შემდგომი დაფინანსების მოსაპოვებლად და გასავითარებლად აწარმოონ აქტიური კომუნიკაცია ინვესტორებთან და დაინტერესებულ პირებთან.
გარდა ამისა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ტრენინგებს და საკონსულტაციო მომსახურებას პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის.
განაცხადების მიღება დაიწყება 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსდება პროგრამის ფრონტ-ოფისი და დაინტერესებული პირები ერთი ფანჯრის პრინციპით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ პროგრამის შესახებ. მსურველების უკეთ ინფორმირებისთვის ასევე ამოქმედდება სატელეფონო ცხელი ხაზი.
პროექტების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება.