ბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის თანამშრომლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეს, უწყების წარმომადგენლებსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდნენ.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ გატარებული რეფორმების, სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ასევე, საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციას, პენიტენციურ ჯანდაცვას, რომლის ხარისხი რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ყურადღება გამახვილდა სისტემაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ბესიკ დევდარიანის განცხადებით, უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაცნობა და გაზიარება ძალზე საინტერესოა.
,,დელეგაციის წევრები დაინტერსებულნი არიან საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმით, რომელსაც ჩვენს რეგიონში ერთი-ერთი საუკეთესო შეიძლება ვუწოდოთ. თუმცა გასათვალისწინებელია მათი გამოცდილებაც. სტუმრები დაინტერესდნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობით, რომელიც მათ ჯერჯერობით არ გააჩნიათ და სამომავლოდ დანერგვა სურთ. ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზეც,“ _ განაცხადა ბესიკ დევდარიანმა.
სერბეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, პერო დუნიჩის განცხადებით, დელეგაციის წევრები მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით დაინტერესდნენ.
„მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება იმ კუთხით, რომ 4 წლის წინ პენიტენციურ დაწესებულებებში 24 ათასი მსჯავრდებული იყო, მაგრამ ამნისტიისა და მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების შედეგად მათი რაოდენობა 9700-მდეა შემცირებული. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ პრობაციის სისტემის ამოქმედების შემდეგ სასჯელაღსრულების მიმართულებით საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია“, - განაცხადა პერო დუნიჩმა.
შეხვედრაზე ქართველ კოლეგებს სტუმრებმა ბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. დელეგაციის წევრები სასჯელაღსრულების სისტემის თანამშომლების შერჩევა-გადამზადების პრინციპითაც დაინტერესდნენ.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებას მოინახულებენ, ესტუმრებიან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობას გაეცნობიან.
ბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა სამინისტროს წარმომადგენლები ბოსნია-ჰერცოგოვინაში მიიწვიეს.
ბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის თანამშრომლების ვიზიტი ევროპის საბჭოსა და საქართველოში აშშ-ის სელჩოს ორგანიზებით ხორციელდება.