ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Tastingwork”-ის (აშშ) ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ივნისის თვეში ატარებს აქტიურ პიარ-კამპანიას „ივნისი - ქართული ღვინის თვე აშშ-ში“, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში გაიმართება.
ნიუ-იორკში გამართულ დეგუსტაცია-სემინარზე 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი. დეგუსტაციის პარალელურად გაიმართა სემინარი ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ როგორც უძველესი ტრადიციული ქართული, ისე თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები.
„ნიუ-იორკში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაცია იყო საოცრად წარმატებული, სადაც უამრავი ხალხი შეიკრიბა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში“ - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პიარ-კამპანიის ფარგლებში დეგუსტაციები 20 ივნისს ვაშინგტონში და 27 ივნისს სან-ფრანცისკოში გაიმართება.
აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს. ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით შესაძლებელია აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია აშშ-ში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის გაფართოებას.