13 ივნისი, 2016 წელი: წყალდიდობიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ თბილისის ზოოპარკში მთელი დღის განმავლობაში საქველმოქმედო ღონისძიებებია დაგეგმილი. 12 საათიდან ზოოპარკის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სპეციალური კუთხე დახვდებათ და შესაძლებლობა ექნებათ ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა ადგილზე, საჩუქრად მიიღონ.
ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს და ვრცელდება კერძო პირების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებზე. დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს - წყალდიდობას, ქარიშხალს, მეწყერს, დიდთოვლობას, მიწისძვრასა და ღვარცოფს.
სტიქიისგან უფასო ავტოდაზვევა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სოციალური პროექტია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა და სადაზღვევო კულტურის განვითარებაა.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „13 ივნისის წყალდიდობამ ნათლად დაგვანახა, რამდენად დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის რისკების მენეჯმენტისა და ფინანსური ზარალისგან თავდაცვის ეფექტური სისტემის არსებობა. ამ გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სადაზღვევო მექანიზმებია, ისე, როგორც ეს დანერგილია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენს ქვეყანაშიც დადგა სწორედ ეს ეტაპი, როცა დიდი ყურადღებით უნდა შევხედოთ მოსალოდნელ რისკებს და ხელთ გვქონდეს ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობა. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტიქიისგან დაზღვევა სწორედ ამ მექანიზმის შექმნის მცდელობაა.“
სტიქიისგან დაზღვევის პროგრამა აგვისტოდან ამოქმედდა და მისი მიღება უფასოდ მსურველებს 2015 წლის დეკემბრამდე შეეძლოთ. შეთავაზებით 1500-მა ავტომფლობელმა ისარგებლა.
სადაზღვევო პოლისის საჩუქრად მიღებას ამჯერად მხოლოდ 13 ივნისს ზოოპარკის სტუმრები შეძლებენ. 13 ივნისის შემდეგ კი მის გასააქტიურებლად შეგიძლიათ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ვებ გვერდს: www.mygpi.ge ეწვიოთ.