კახა კახიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა

კახა კახიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი  უჩა ნანუაშვილსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა.  შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე და  დეპარტამენტების ხელმძღვანელები,  ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით,  სამინისტროს მუდმივი  კომუნიკაცია აქვს სახალხო დამცველის ოფისთან და აღნიშნული შეხვედრაც სწორედ სახალხო დამცველის ოფისის ინიციატივით შედგა.

„ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი არაერთი მსჯავრდებული გვყავს. ჩვენ მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას დაწესებულებებიდან, დიასპორებიდან, მაგრამ  კარგია  რომ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებისგან  მოვისმინოთ,  სად ხედავენ პრობლემას, რომ ის შეძლებისდაგვარად გამოვასწოროთ“, _ განაცხადა კახა კახიშვილმა.

 როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა  აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ,  უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მსჯავრდებულებს მიეწოდებათ ყველა სერვისი, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ სასჯელის სათანადო პირობებში მოხდას. 

 „რელიგიურ დღესასწაულებზე მუსლიმ მსჯავრდებულებს ეძლევათ საშუალება, რომ განსხვავებული საკვები ამანათების საშუალებით მიიღონ. გვყავს ათობით მსჯავრდებული, რომლებიც არ იღებენ რიგ საკვებს და მათთვის განსხვავებული მენიუ არსებობს. ასევე, არაერთხელ შესულან მათთან  სასულიერო პირები. წარმოუდგენელია საპატიმრო დაწესებულებებში  მსჯავრდებულის  რელიგიური ნიშნით შევიწროება.  ამას არავინ დაუშვებს. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ჩვენთან არცერთი საჩივარი არ შემოსულა,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა. 

სახალხო დამცველის,  უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ძალიან კარგია რომ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს საშუალება  ეძლევათ უშუალოდ მინისტრს დაუსვან შეკითხვები და ესაუბრონ იმ საკითხზე,   რომლებიც აწუხებთ. 

როგორც არასამთავრობო  ორგანიზაცია „მრავალეროვანი  საქართველოს“ თავმჯდომარემ  არნოლდ სტეფანიანმა განაცხადა,  ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ მინისტრისგან ყველა ინიციატივაზე მხარდაჭერა მიიღო.

„ადრე რაც პრობლემები არსებობდა, აღარ დგას. წინა წლებში სამინისტროს მიმართ აქტიური კრიტიკა იყო,  ახლა კი კრიტიკა ვერ მოვისმინე“, - განაცხადა არნოლდ სტეპანიანმა.

კახა კახიშვილის  განცხადებით,  ენობრივი ბარიერის თავიდან ასაცილებლად, არაქართულენოვანი მსჯავრდებულებისთვის  ქართული ენის შემსწავლელი კურსები არსებობს. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მსჯავარდებულები ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში არიან ჩართულნი. ასევე,  უტარდებათ პროფესიული და საგანმანათლებლო კურსები.

სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  შეხვედრის მონაწილეებს იმ სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მიეწოდებათ. 

კერძოდ, არაქართულენოვანი მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან ზეპირი, წერილობითი, სინქრონული სათარჯიმნო მომსახურებით, ასევე,  დოკუმენტების  ნოტარიულად დამოწმების სერვისით. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირებს ხუთ ენაზე (რუსული, სომხური, თურქული, აზერბაიჯანული და ინგლისური) მიეწოდებათ ბროშურები  ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ.   რუსულენოვანი მსჯავრდებულებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია რუსულ-ქართული იურიდიული ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი. პენიტენციურ დაწესებულებებში უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრებს კვირის კონკრეტულ დღეებში აქვთ შესაძლებლობა,  საერთაშორისო კოდით ისარგებლონ და  საზღვარგარეთ ზარი განახორციელონ.

გარდა ამისა,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს აზერბაიჯანელი  და სომეხი მსჯავრდებულებისთვის, მათსავე ენაზე გამოცემულ გაზეთების  მიწოდებას. პენიტენციურ დაწესებულებებში   თურქულ და რუსულ ენებზე სატელევიზიო არხების მაუწყებლობაც არის უზრუნველყოფილი.

მინისტრის ინიციატივით, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან  შეხვედრები  რეგულარულად 2 თვეში ერთხელ გაიმართება.