კონკურსმა „ქართული - ა“ გამარჯვებულები გამოავლინა

კონკურსმა „ქართული - ა“ გამარჯვებულები გამოავლინა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული შრიფტების კონკურსის „ქართული - ა“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.  კონკურსი „ქართული - ა“ დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება და მისი მხარდამჭერები არიან პროექტი #წერექართულად და თიბისი ბანკი. კონკურსის მიზანია ქართული დამწერლობის ადაპტირება თანამედროვე სამყაროსთან, მისი გავრცელება და პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გამარჯვებულები 7 ნომინციაში დასახელდა, ისინი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს. კონკურსში „ქართული - ა“ გამარჯვებული შრიფტები გაციფრულდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

თანამედროვე - ა (თანამედროვე, დახვეწილი შრიფტი);

პირველი ადგილი  - ზურაბ მიმინოშვილი

მეორე ადგილი - ნანა შიხაშვილი

გაკრული - ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);

პირველი ადგილი - გიორგი ახუაშვილი

მეორე ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

ადაპტირებული - ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);

პირველი ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

მეორე ადგილი - დათო ხარაშვილი

აკადემიური - ა  (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);

პირველი ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

მეორე ადგილი - მერაბ გეწაძე

მხატვრული - ა (მხატვრული  შრიფტი);

პირველი ადგილი  - ზურაბ მიმინოშვილი

მეორე ადგილი - ნინო მეგრელიძე

ტექნიკური - ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად);

პირველი ადგილი - ნინო მეგრელიძე

მეორე ადგილი - მექი გიორგაძე

ფუტურისტული - ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)

პირველი ადგილი - ია დარახველიძე

მეორე ადგილი - ჯუმბერ ბეჭვაია

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ამისთვის საჭირო იყო ვებგვერდზე  ქართულია.com/georgiana.ge  რეგისტრაციის გავლა და სასურველი კატეგორიის მონიშვნა. რეგისტრაცია და ნამუშევრების მიღება 21 მარტიდან  დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდა,  სულ დარეგისტრირდა 160 ნამუშევარი.

თითოეულ კონკურსანტს  ერთ  კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეეძლო, თუმცა მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში წარედგინათ. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოედგინათ.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ დიზაინერები -  ზვიად ციკოლია, ლადო კობახიძე,  კახაბერ ბოჭორიშვილი;  გრაფიკური დიზაინერი  - მანანა არაბული და მხატვარ-დიზაინერი მალხაზ იაშვილი, საუკეთესო ნამუშევრები შეაფასა  და გამარჯვებულები გამოავლინა.  თითოეულ ნამუშევარს მინიჭებული ჰქონდა უნიკალური შტრიხკოდი და შეფასების პროცესში ჟიურის წევრებისთვის ავტორების ვინაობა უცნობი იყო. 

თოთოეულ ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც თიბისი ბანკმა ფულადი პრიზები, პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს - 2000 ლარი, მეორე ადგილზე გასულს კი 1000 ლარი გადასცა.  გამარჯვებულები ასევე დასაჩუქრდნენ ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ წიგნებით.

სპეციალური პრიზი დააწესა ასევე დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომელმაც თავის  რჩეულ კონკურსანტებს - ია დარახველიძეს და ჯუმბერ ბეჭვაიას საკუთარი დიზაინით შექმნილი საათები გადასცა.  

პროექტ #წერექართულად ფარგლებში უკვე არაერთი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა, ჩატარდა ფონტების ინჟინერიის კურსები, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მოხდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულება, იგეგმება ლექსიკოგრაფიის კონგრესის ორგანიზება და  მაიკროსოფტის სათარგმნი პლატფორმის გამართვა. 

#წერექართულად  ეგიდით მიმდინარე თოთოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ - დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა; მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და გათავისუფლდეს ენა ბარბარიზმებისგან.