ბათუმში მიმდინარე გაეროს გამოსდაცვითი მინისტერიალის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) დელეგაციის ხელმძღვანელს საიმონ აპტონს და ორგანიზაციის გარემოსდაცვითი დერექტორატის სხვა ხელმძღვანელს პირებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე თემურ მურღულია. ასევე, გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის და ატომური უსაფრთხოების სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი იურგენ კეინჰორსტი.
შეხვედრაზე ყურადღება თანამედროვე მსოფლიოში მწვანე ეკონომიკის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად მოამზადა მწვანე ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც უნდა გახდეს მწვანე ეკონომიკის ზრდის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საფუძველი.
შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მწვანე ეკონომიკის ზრდის მისაღწევად ინოვაციების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ მიმართულებით გადადგა.
გარემოს დაცვის და მწვანე ეკონომიკის განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა აღნიშნულია დოკუმენტში „მდგრადი განვითარების მიზნები 2030“, რომელიც 2015 წელს გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე მიიღეს. აღინიშნა, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში 2020 ნათქვამია, რომ სახელმწიფო წაახალისებს გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და მწვანე ეკონომიკის“ განვითარებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება, რომელიც ეკონომიკის რაციონალურ და ეფექტიან განვითარებას, ენერგოეფექტურობის და რესურსეფექტურობის ჩათვლით ითვალისწინებს, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეტიც, მწვანე ეკონომიკის განვითარება ხელს შეუწყობს მწვანე ინვესტირებას და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას კლიმატის პოლიტიკის ეფექტიანი ღონისძიებების საშუალებით, საბაზრო ინსტრუმენტების და რეგულაციების გათვალისწინებით. ასევე, უზრუნველყოფს მწვანე ეკონომიკის ზრდის ღონისძიებების კოორდინაციას სამუშაო ბაზრის და ადამიანური კაპიტალის ფორმირების პოლიტიკასთან.